ალილოობა საქართველოში

ალილოობა საქართველოში

საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა — საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1990 წლებში მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-ემ აღადგინა. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას.

ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას წარმართული ჰანგი უდევს საფუძვლად. „ალილო“, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა (ალილუიასგან). ვარაუდობენ, რომ საშობაო და სააღდგომო სიმღერების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო ჭონა.

ალილო — ქართული საწესო სიმღერა. სრულდებოდა შობის წინა ღამეს. შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ ოჯახს და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი — სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ალილოს ტექსტებში („ოცდახუთსა დეკემბერსა“, „ჩიტი ღობეზე შემოჯდა“, „წისქვილს პური დავარიგე“ და სხვ.) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი.

ძველად შობის ღამეს მოზრდილი მამაკაცები, მოგვიანო ხანაში კი ბავშვები, კარდაკარ ჩამოივლიდნენ მთელ სოფელს, მიადგებოდნენ ოჯახებს და სიმღერით - „ალილოთი“ - მიულოცავდნენ შობის დღესასწაულს. როგორც ეთნომუსიკოლოგი გია ბაღაშვილი ამბობს, „ალილო“ სამხმიანი სიმღერაა და, შესაბამისად, მის შესრულებას, სულ ცოტა, სამი ადამიანი მაინც სჭირდება. ამასთან, „ალილო“ მთელ საქართველოშია გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად მღერიან:

„მეოცე საუკუნეში, აკრძალვის მიუხედავად, „ალილოს“ მღეროდნენ კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში... რაც შეეხება სხვა კუთხეებს, - თუშეთს, მთიულეთს, მესხეთს, - ამ კუთხეების „ალილოებიდან“ მხოლოდ ტექსტებია შემორჩენილი. სამწუხაროდ, არ შემორჩა მათი მუსიკალური ქსოვილი“.

მაგალითად, როგორც 1991 წელს გამოცემულ ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარში ვკითხულობთ, მესხური „ალილოდან“ შემორჩენილია ასეთი ტექსტი:

„ალანთასა ბალანთასა,

ჩამოვჰკიდებ კალათასა,

ადგა ქალი, დაძრა ტანი,

დადგა გობი, ზედ საცერი,

ერთი ვთხოვე, ორი მომცა,

ღმერთი მისცემს ბარაქასა“.

როგორც ეთნომუსიკოლოგი გია ბაღაშვილი ამბობს, სამეგრელოსა და სვანეთში „ალილოს“ ხშირად ქართულად ასრულებდნენ, რაც, მისი თქმით, იმაზე მიუთითებს, რომსაეკლესიო წირვა-ლოცვისა და სამწერლობო ენაზე შესრულებით ამ კუთხეებში საშობაო სიმღერას საგანგებო მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამასთან, სვანეთსა და საქართველოს ყველა სხვა კუთხეში არ შეიძლებოდა მეალილეების ხელცარიელი გასტუმრება. როგორც ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარში ვკითხულობთ, ხელმოცარულმა მეალილეებმა წყევლა იცოდნენ, რაც თავისთავად ცუდის მომასწავებელი იყო. „ალილოს“ ერთ-ერთი კახური ტექსტი პირადაპირ შეიცავს მუქარას:

„ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,

შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო,

ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული?

ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული.

„აკოშკიდან“ გადვიხედე, ერბო გიდგათ ქილებითა,

თუ გამოგაქვთ, გამოიტათ, თორემ წავალ გინებითა“.

ტრადიციის თანახმადვე, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, ოჯახის უფროსი ქალი ან კაცი მეალილეებს გაუტანდა შეძლებისდაგვარად ფულს, კვერცხს, ღვინოს, მათთვის გამომცხვარ ღვეზელს. სამეგრელოში ითვლებოდა: „შობაზე კაცი რომ მოვა, გიმღერებს, ეს იგივეა, რომ დიდი ძღვენი მიუტანო ოჯახს“, თუმცა, როგორც ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, საშობაო კერძები და სუფრა მხოლოდ მეალილეების დასაჯალდოებლად როდი მზადდებოდა:

„შობის დღესასწაულს წინ უძღოდა მარხვის პერიოდი, რა დროშიც მხოლოდ და მხოლოდ სამარხვო საკვები მზადდებოდა, მაგრამ საქართველოს ყველა მხარეში საშობაოდ და საახალწლოდ სპეციალურად ზრდიდნენ და ასუქებდნენ ღორს. აუცილებელი იყო საშობაო სუფრაზე მოხარშული ღორის თავი. ეს ტრადიცია ძალიან ძველია. ამის თაობაზე ჩვენ გვაქვს ისტორიული წერილობითი წყარო „ხელმწიფის კარის გარიგება“, სადაც სამეფო სუფრას ამშვენებს გარეული ტახის მოხარშული თავი“.

საშობაოდ ღორს ნოემბრიდან ასუქებდნენ. ქართლში მას სააღებო ღორს ეძახდნენ, კახეთში ქოსმენს. სოფელ შილდაში ამ დღეს ნეკრესის სალოცავში მიდიოდნენ და ღორებს კლავდნენ. სამსხვერპლო მამალ ღორს ლომტახს ეძახდნენ. გარდა ამისა, როგორც როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, მზადდებოდა სხვადასხვა ნუგბარი და სარიტუალო ქადეული.

„დღევანდელ ჩვენს ყოფაში ყველაზე მეტად შემონახულია ე. წ. გურული ღვეზელი, ანუ საწესო პური, რომელიც ნახევარწრის (ნახევარმთვარის) ფორმისა იყო. ცხვებოდა ხორბლის ფქვილისგან, ურთავდნენ ყველს და გამომშრალ, შებოლილ კვერცხებს, რომლებიც მთელ-მთელად ანდა შუაზე გაჭრილი იდებოდა. ღვეზელი ცხვებოდა იმდენი, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. საქართველოს სხვა კუთხეებშიც ცხვებოდა სარიტუალო პურები და გულსართიანი ქადეული. ამას ემატებოდა ე. წ. წმინდა კვერები, რომლებიც მიძღვნილი იყო ღვთისადმი და მას ჰქონდა ყოფაში ის ფუნქცია, რომ შობისა და ახალი წლის სიხარული კარმიდამოსაც - ეზოს, მარანს, კრუხ-წიწილას, ვენახს და ა.შ., მთელ იმ გარემოს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობდა და შრომობდა -გადასცემოდა. ეს იყო სპეციალური, ე. წ., ბედის კვერები, რომლებიც ცხვებოდა სხვადასხვა ზომისა და ფორმის - ზოგან უღლის, ზოგან გუთნის, მტევნისა და ა.შ.გამოსახულების. შობის ღამეს შესაბამის ადგილებში გაჰქონდათ და ულოცავდენ“, უთხრა რადიო თავისუფლებას როზეტა გუჯეჯიანმა, რომლის თქმით, ასევე იცოდნენ საშობაოდ კორკოტის, ჭანტილის მოხარშვა, ჭანტილის ქაფის გატანა ეზოში და ყველა ხეზე წასმა (ხის სიმბოლური განაყოფიერება), რაც მომავალ წელს უზრუნველყოფდა მოსავლით. ლეჩხუმში „ჩიტის აზვრამდე“, ანუ გათენებამდე, იკვლებოდა ორი მამალი - ერთი საანგელოზო და მეორე ხარების სალოცი. სვანეთშიც ასევე კლავდნენ მამალს, რომელსაც თავზე შემოივლებდნენ. შემდეგ ხარშავდნენ, ძვლებს კი ცეცხლში ყრიდნენ სიტყვებით: „ასე დაიწვას ჩვენი ოჯახის მავნე ავადმყოფობა, ასე დაიწვას, როგორც ეს დაიწვაო“.

ალილოზე ქრისტეს მახარობლები მთელი ღამის განმავლობაში დადიოდნენ და რომელ ოჯახშიც დაათენდებოდათ, იქ აგრძელებდნენ ლხინს. როგორც ეთნომუსიკოლოგი გია ბაღაშვილი ამბობს, მეალილეებს შორის იყვნენ როგორც ადგილობრივები, ასევე შორი გზიდან მოსულები. აჭარლები, იმის გამო, რომ აჭარაში აკრძალული იყო, ალილოზე გურიაში დადიოდნენ, ზოგჯერ კი ქართლ-კახეთში იმერეთიდან გადმოდიოდნენ მეალილეები.

საინტერესოა „ალილოს“ - საწესო სიმღერის - როგორც წარმომავლობა, ასევე შინაარსი, რომელიც, გია ბაღაშვილის თქმით, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: დღესასწაულის გამოცხადება ზუსტი თარიღის მითითებით, ბიბლიური ამბის თხრობა, შობის დღესასწაულის მილოცვა და მინიშნება მოსალოდნელ საჩუქრებსა და გამასპინძლებაზე:

„მაგალითად: „არიელი-მარიელი ნუ გამიშვებ ცარიელი...“, „ალათასა-ბალათასა ხელი ჩავკარ კალათასა, ქალო ერთი კვერცხი მომე, ღმერთი მოგცემს ბარაქასა“, „ქალბატონი ლამაზია, გადმოგვიგდებს აბაზიანს“, „გამოიტანოთ ჩირები, სიცივემ დაგვზრა ფრჩხილები“, „მასპინძელო ჩვენო ლხინო, მარნის კარი გიჭრიალებს, მარნის ქოცო აგვიხადე, ყელი ჩაგვიმაჭრიანე“ და ა.შ. ამის ბევრი ვარიანტი არსებობს. სხვათა შორის, ვარიანტების სიუხვით „ალილო“ ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ ქართულ ფოლკლორში. ცალკე უნდა აღინიშნოს გურიაში შემორჩენილი ე. წ. გალობით „ალილო“, რომელშიც ასეთი ტექსტია: „ალილო, ვიხილოთ შობა უფლისა და დღე სიხარულისა“.

კატეგორია: ტრადიციები | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (13.01.2024)
ნახვა: 155 | თეგი: საქართველო, ალილოობა, ალილო | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar