წმინდა გიორგის სასწაული

წმინდა გიორგის სასწაული

ეს ამბავი საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა, სადაც წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მდებარეობდა. იგი დროისაგან საკმაოდ დაზიანებული იყო. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი ღარიბად ცხოვრობდნენ და იმის საშუალება არ ჰქონდათ, რომ ტაძარი შეეკეთებინათ.
ერთხელ, ტაძრის გვერდით, ბავშვები ერთმანეთს კენჭების სროლაში ეჯიბრებოდნენ. პატარა მათეც უფროსების გვერდით იდგა და მათ თვალყურს ადევნებდა. მასაც გაუჩნდა თამაშის სურვილი და დიდი მონდომებით შეეცადა, კენჭი ქოთანში ჩაეგდო, მაგრამ რამდენჯერაც სცადა, არ გაუმართლდა, მისი ნასროლი კენჭი მიზანს არ აღწევდა, უფროსი ბავშვები დასცინოდნენ და პატარა მათემ თამაშის სურვილი სულ დაკარგა, ამოიოხრა და იმედგაცრუებული იქაურობას გაეცალა. ,,ერთი კენჭი მაინც ჩამეგდო, ყოველთვის ასეთი უძლური ხომ არ ვიქნები“, - ფიქრობდა ბავშვი. უცებ მას წმინდა გიორგის ძლიერების შესახებ დედის ნაამბობი გაახსენდა, ეკლესიისაკენ მიტრიალდა წმინდანს გულმხურვალედ შეევედრა: ,,წმინდა გიორგი, გევედრები, დამეხმარე, რომ კენჭი ქოთანში ჩავაგდო, მე კი გემრიელ ნამცხვარს მოგიტან”.
იმედმიცემულმა მათემ მაშინვე კენჭი ისროლა და ჰოი, საოცრება! მისი ნასროლი კენჭი ქოთანში ჩავარდა. გახარებული მათე მაშინვე დედასთან გაიქცა, რომ მომხდარი სასწაულის შესახებ მოეყოლა.
- დედიკო, დე-დი-კოო!
- რა იყო შვილო?
- დედიკო, მე ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი და კენჭი ქოთანში ვერაფრით ჩავაგდე. შემდეგ წმინდა გიორგის შევევედრე და ის დამეხმარა. დედიკო მე წმინდა გიორგის ნამცხვარს დავპირდი, ხომ გამომიცხობ?
- აუცილებლად, წამოდი, ერთად გამოვაცხოთ.
დედა მორწმუნე იყო და შვილსაც ღვთისმოშიშებით ზრდიდა. მან გულითადი მადლობა შესწირა ღმერთს და ასევე წმინდა გიორგის, რადგან მათ შეისმინეს მისი შვილის თხოვნა და დაეხმარნენ მას, ნამცხვარიც გამოუცხო და ეკლესიაში გაატანა.
- გმადლობ, დედიკო!
გახარებული მათე ეკლესიისკენ გაემართა, რომ წმინდა გიორგისთვის დაპირებული ნამცხვარი მიერთმია. მათე დიდი მოწიწებით შევიდა ტაძარში და მადლობა  გადაუხადა წმინდანს.
- მადლობა, წმინდა გიორგი, რომ დამეხმარე! აი, ნამცხვარიც მოგიტანე.
სწორედ ამ დროს ტაძარს ორი ვაჭარი მიუახლოვდა. ისინი საკმაოდ კმაყოფილნი ჩანდნენ, რადგან იმ დღეს კარგად ივაჭრეს. ეკლესიას რომ ჩაუარეს, შეჩერდნენ და შესვლა გადაწყვიტეს.
- ეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა, იქნებ შევიდეთ, -თქვა ერთმა.
- მართალს ბრძანებ, შევიდეთ.
- როგორი დაზიანებულია ეს ტაძარი.
ნამცხვარი კი, რომელიც მათემ ეკლესიაში დატოვა, ჯერ კიდევ ცხელი იყო. როცა ვაჭრები შევიდნენ, დაინახეს თუ არა, გაოცდნენ.
- ეს წმინდანს არ სჭირდება, მოდი, ჩვენ მივირთვათ.
გატეხეს ნამცხვარი და გემრიელადაც მიირთვეს.
- რა გემრიელია, არა?
შემდეგ საკმეველი თეფშზე დაყარეს და გასასვლელად მიტრიალდნენ, მაგრამ აი, სასწაული! გასასვლელი კარი გაქრა.
- ეს რა დაგვემართა!
გაოცებულებმა წმინდა გიორგის მიმართ ლოცვა დაიწყეს:
- წმინდა გიორგი, გამოგვიჩინე გასასვლელი, რათა მშვიდობით გავიდეთ.
მონეტის შეწირვაც გადაწყვიტეს, მაგრამ ამითაც არ ეშველათ. მაშინ მიხვდნენ, რომ შესცოდეს. მუხლებზე დაემხვნენ და გულმხურვალედ შეევედრნენ წმინდანს, რომ ღმერთს ეპატიებინა მათთვის. წმინდანმა შეისმინა მათი ვედრება, რადგან შეინანეს და უცებ გასასვლელიც გამოუჩინა.
ვაჭრებს ძალიან გაუხარდათ და მადლობდნენ წმინდანს.
- მადლობა წმინდა გიორგი, რომ შეისმინე ჩვენი ლოცვა და გასასვლელიც გამოგვიჩინე.
და იმ დღის მთელი მონაგების შეწირვა გადაწყვიტეს,
ვაჭრებმა ამ სასწაულის შესახებ მრავალ ადამიანს უამბეს, ხალხი მოდიოდა ტაძარში სალოცავად და შესაწირავსაც ტოვებდა. ამ შემოწირულობით კი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ტაძარი შეაკეთეს და გაამშვენიერეს.

კითხვარი:
1. როგორ შეაფასებდით უფროსი ბიჭების საქციელს?
2. ვისი ნაამბობი გაახსენდა და დაეხმარა პატარა მათეს?
3. დაახასიათეთ პატარა მათეს დედა.
4. როგორ შეაფასებთ ვაჭრების საქციელს?
5. რა დაეხმარათ ვაჭრებს ტაძრიდან გამოსვლაში?
6. როგორ მოახერხა მათემ კენჭის ჩაგდება?
7. გაჭირვების დროს ჩვენც დაგვეხმარება წმინდა გიორგი?

კატეგორია: მამა ბასილი (ფოსური) | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (11.02.2024)
ნახვა: 47 | თეგი: წმინდა გიორგის სასწაული | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar