
უფალი ძველი ქართული სიტყვაა და ბატონს ნიშნავს, თავის უფალი კი საკუთარი თავის ბატონს ნიშნავს, ესე იგი ადამიანს, რომელსაც შეუძლია აკეთოს ის, რაც საჭიროა და არა ის, რაც მის დაცემულ ბუნებას უნდა, სანამ ადამი ცოდვით დაეცემოდა, მისი სული და ხორცი ჰარმონიულ ერთობაში იყვნენ, ცოდვით დაცემის შემდეგ კი სული და ხორცი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან.
სული უნდა ბატონობდეს ხორცზე, სული უნდა მართავდეს ხორცს, როგორც მხედარი მართავს ცხენს.
თუ ცხენი იქით მიდის და მხედარსაც იქით მიაქროლებს საითაც მას ნებავს, როგორღაა მხედარი თავისუფალი, ის ცხენის სურვილებს ემორჩილება.
თავისუფალი მაშინაა, როდესაც ცხენს იქით წაიყვანს, სადაც თავად მხედარს ნებავს.
სული მაშინაა თავისუფალი, როდესაც არ ემონება ხორციელ ვნებებს. თუ ადამიანი მაგალითად თამბაქოს გარეშე ვერ ძლებს, როგორაა თავისუფალი? ვინც ვისგან ძლეულია, მისი მონაა - ამბობს წმინდა წერილი. ვნებების მონა როგორ იქნება თავის უფალი ანუ თავის ბატონი? არამედ ვნებებია ამ დროს ადამიანის უფალი ანუ ბატონი.
ერთ ლექსში ვკითხულობთ:
რაა ნეტავ ცხოვრება,
ბატონი თუ მონაა?
იცი ბედნიერება
არჩევანის ქონაა.
ზურა სალუქვაძე
ე.ი. ბედნიერი მაშინაა ადამიანი, როდესაც არჩევანი აქვს.
თუ ადამიანს რაიმეს გარეშე არ შეუძლია, ესე იგი არჩევანიც და ბედნიერებაც დაკარგული ჰქონია.
უფალი ამბობს: შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ! (ინ. 8:31)
თავისუფლებას გისურვებთ!
მღვდელი ბასილი (ფოსური)
|