თანაგრძნობა

თანაგრძნობა

„ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო“.
ხალხური

ლია, როგორც ყოველთვის, თავჩაღუნული, სევდიანი მიუყვება სკოლის გზას. აი, რამდენი ხანია არ იღიმის, დედის დაკარგვის შემდეგ მისთვის ყველაფერი შეიცვალა. საწყალი ბებო, ვეღარ აუდის ობლად დარჩენილი სამი შვილიშვილის მოვლას. თმაც შეაჭრეს, გრძელი თმის მოვლა გაგიჭირდებაო. ახლა მისი შავი, დატალღული თმა უშნოდ იფშიკება. ისე გაუჭირდათ, რომ ტანაცმელსაც ვეღარ ყიდულობენ, სხვები ჩუქნიან.
- ახლაც დამცინებს ნუცა, როცა დამინახავს, - ფიქრობს სევდიანად და დიდ, ფართხუნა სვიტერს დასცქერის.
ლია კლასში მოკრძალებით შევიდა და ის იყო, თავის მერხთან უნდა დამჯდარიყო, რომ უკნიდან ნუცას დამცინავი ხმა მოესმა:
- მოვიდა ფეთხუმი, მოვიდა. ერთი შეხედეთ, მის გაწეწილ თმას. როგორ უხდება ეგ სვიტერი.
ლიას ხმა არ გაუცია, ისე დაჯდა თავის ადგილზე.
- გაჩერდი, ნუცა, ნუ დასცინი, - გამოესარჩლა ბარბარე.
- შეხედე, ერთი, განა სასაცილო არ არის?
- ყველას შენნაირი ლამაზი, გრძელი თმა ვერ ექნება, ვერც შენსავით ლამაზი სამოსით ივლის, მაგრამ ამის გამო ადამიანის დაცინვა არ შეიძლება!
- კარგი, ერთი, რა ჭკუას მარიგებ...
გოგოები კამათს ალბათ დიდხანს გააგრძელებდნენ, ოთახში მასწავლებელი რომ არ შემოსულიყო. ყველა გაჩუმდა და გაკვეთილიც დაიწყო.
ლია უკვე შეჩვეული იყო ნუცას დაცინვას, ამიტომ არც კი პასუხობდა. მისი კლასელი ბარბარე კი, ყოველთვის გულითადად ეპყრობოდა. თმის სამაგრებსაც კი საჩუქრად აძლევდა, იქნებ შენი ურჩი თმა როგორმე დავიმორჩილოთო. არც მასთან მეგობრობას თაკილობდა, ნუცასგან განსხვავებით.
- შაბათს ექსკურსიაზე მივდივართ, ბავშვებო! - გამოაცხადა მასწავლებელმა და კლასს გადახედა და მოწყენილ და სევდიან ლიას მიმართა: - შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ, ლია, ასე რომ, გაემზადე.
ლიას ესიამოვნა, ისიც რომ დაპატიჟეს, თორემ აი, უკვე რამდენჯერ გაუცდა ექსკურსია უფულობის გამო. ახლა შეეძლო, კლასელებთან ერთად ცოტა გალაღებულიყო.
შაბათს ბავშვები ადრიანად გაუდგნენ გზას. ავტობუსში უფრო მეტად ნუცას სიცილი ისმოდა, თავს იწონებდა, ტრაბახობდა.
- ნახეთ, დედამ სილამაზის სალონში როგორი კარგი ვარცხნილობა გამიკეთა, თან სულ ახალი ბოტასები მაცვია, ძალიან ძვირი ღირს...
ლია ფანჯარასთან მობუზული იჯდა და ცდილობდა, ნუცას თვალში არ მოხვედროდა.
- შენც გაერთე ბავშვებთან, რატომ მოიწყინე? - უთხრა მასწავლებელმა და თავზე ხელი გადაუსვა.
- არ მინდა, - ჩუმად უპასუხა ბავშვმა.
ბარბარე მიუხვდა ლიას. მივიდა და გოგონას გვერდში მიუჯდა. - ჩვენ ბუნების სილამაზით გავერთობით, არა ლია? - უთხრა და ფანჯრიდან გაიხედა.
დანიშნულ ადგილზე ჩავიდნენ.
არ გაიფანტოთ! - დაიძახა მასწავლებელმა, - ყველანი ჩემთან ახლოს იყავით!
შორს, მწვანეში ჩაფლული ტაძარი მოჩანდა. იქამდე ფეხით უნდა ევლოთ. ბილიკს დაადგნენ.
ტყეში რომ შევიდნენ, წინა დღის ნაწვიმარი მიწა ჯერ არ გამშრალიყო, აქა-იქ გუბეებიც იდგა.
- უი, ჩემი ლამაზი ფეხსაცმელები დამესვრება, - აწუწუნდა ნუცა. მერე უკან მომავალი ლია დაიმარტოხელა და დამცინავი კილოთი დაიწყო: - შეხედეთ, რა საცოდავი კეტი აცვია, მგონი შიათ, პირი დაუღიათ... - და სიცილი მორთო, - ეგ პიჯაკიც ტომარასავით გკიდია.
- გეყოფა! - შეაწყვეტინა ბარბარემ, - „ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო”, - ნათქვამია. სჯობს თავი შეიკავო.
- შენ რას ექომაგები ამ საფრთხობელას? მისი დანახვა ნადირსაც კი შეაშინებს, - არ იშლიდა დაცინვას ნუცა.
სხვა ბავშვებსაც არ მოეწონათ მისი საქციელი და აყოლა
არც უფქირიათ.
ნუცა დაცინვას აგრძელებდა. წინ დაგდებული ქვა ვერ შენიშნა, ფეხი წამოკრა, წაბარბაცდა და პირდაპირ ტალახის გუბეში ამოყო თავი. რის ვაი-ვაგლახით წამოდგა, ახლა უკვე სასაცილოდ არ ჰქონდა საქმე. თვალები ცრემლით აევსო.
ბავშვებმა სიცილი დააყარეს:
- აბა, ახლა ვინ ჰგავს ტყის საფრთხობელას?
- იგი არავის შესცოდებია.
შეწუხებულმა მასწავლებელმა ხელ-პირი დააბანინა ნუცას, ტალახიანი სამოსი გაუწმინდა.
იჯდა ახლა კუთხეში მობუზული და მართლა სასაცილოდ გამოიყურებოდა. ყველა ერთობოდა, მაგრამ მას გასართობად გული აღარ უწევდა. ახლა უკვე სხვა თვალით დაინახა საკუთარი საქციელი, განიცადა დაცინვით გამოწვეული ტკივილი და ძალიან შერცხვა.
ხომ გაფრთხილებდი, „ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო”, - შენ კი არ დამიჯერე, - უთხრა ბარბარემ და გაეცალა.
ნუცას ხმა არ გაუცია. მხოლოდ ლია მივიდა, გვერდით მიუჯდა და უთხრა: - არა უშავს, ნუცა, შინ მიხვალ, დაიბან და შენი ლამაზი თმა ისევ იბრწყინებს. ახლა კი მეგობრების ცქერით გავერთოთ.
ნუცამ ცრემლები ვეღარ შეიკავა.
- მაპატიე, ლია, რომ დაგცინოდი, - უთხრა და აქვითინდა.
კარგი, დამშვიდდი, მოდი, ყველაფერი წარსულს გავატანოთ, - უთხრა ღიმილით.
ასე დაჯდა ცეცხლის პირას ორი გოგო, ახლა უკვე ორი მეგობარი და ბავშვების ჟრიამულის ცქერით ტკბებოდა.

ეკატერინე პაპუნაშვილი

მსჯელობისთვის:
1. დავახასიათოთ: ლია, ბარბარე და ნუცა.
2. რა იყო ბარბარეს გამორჩეული თვისებები?
3. რა გამოიწვია ლიას თანაგრძნობამ?
4. რა სიკეთე გააკეთა მასწავლებელმა?
5. ლიას რომ თანაგრძნობა არ გამოეჩინა, როგორ გაგრძელდებოდა გოგონების ურთიერთობა?
6. როდის დავემსგავსებით ლიას, ბარბარეს და ნუცას?

კატეგორია: მამა ბასილი (ფოსური) | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (23.04.2024)
ნახვა: 56 | თეგი: თანაგრძნობა | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar