სულგრძელობა

სულგრძელობა

მამა ეზოში იჯდა და წიგნს კითხულობდა, როდესაც მასთან მისმა პატარა გოგონებმა მიირბინეს და უთხრეს:
- მამიკო, იცი გიორგიმ მეზობლის სათამაშო მოიპარა და ახლა თავის ოთახში ინახავს.
- იქნებ რამე სწორად ვერ დაინახეთ ჩემო ტკბილებო, მალევე ნუ დაიჯერებთ ერთმანეთის დანაშაულს, - არიგებდა მამა,
- არა მამიკო ნამდვილად ვიცით, რომ თავის ოთახში მალავს გიორგი მოპარულ სათამაშოს. წამოდი და გაჩვენებთ.
მამა გაყვა თავის გოგონებს გიორგის ოთახში. მან იცოდა, რომ გიორგის განსაკუთრებით უყვარდა ერთი სკამი, რომელსაც თავი ეხდებოდა და სათამაშოების ყუთის ფუნქციასაც ასრულებდა. ოთახში რომ შევიდნენ, მამა სწორედ იმ სკამზე  დაჯდა, სადაც მოპარული ნივთი ეგულებოდა და გოგონებს უთხრა, მთელ ოთახში მოპარული სათამაშო მოეძებნათ. სად აღარ ეძებეს და ბოლოს, იმედგაცრუებულები მამასთან მივიდნენ.
- ვერ ვიპოვეთ, მამა, გვაპატიე, რომ ტყუილად დავაბრალეთ გიორგის სათამაშო მოპარვა.
– ხომ გითხარით ჩემო გოგონებო, მალევე ნუ დაიჯერებთ ერთმანეთის დანაშაულს-მეთქი.
ამ ყველაფერს კარის ზღურბლზე მდგარი გიორგი შეშინებული უყურებდა.
როდესაც გიორგის დები ოთახიდან გავიდნენ, მამამ იხმო იგი და უთხრა:
„იცი, ჩემო კეთილო, შენს მეზობელ თომას საყვარელი სათამაშო დაუკარგავს. ვინ იცის როგორ განიცდის და ნერვიულობს ამის გამო.
ამის თქმა იყო და მამა ჩაფიქრებული სახით ოთახიდან გავიდა.
გიორგი გაოცებული იყო მამის სიბრძნითა და სიყვარულით, რომელმაც დაფარა გიორგის ცოდვა გოგონების წინაშე.
ამ ტკბილმა შეგონებამ გიორგის მტკიცე გადააწყვეტილება მიაღებინა, რომ... (ვიმსჯელოთ)


საკითხები ბავშვებთან ერთად მსჯელობისთვის:
- როგორ დაახასიათებდით დების საქციელს?
- რა გადაწყვიტა გიორგიმ თქვენი აზრით?
– მამის მოქმედებამ რა გააღვიძა შვილში?

(ეგვიპტური პატერიკის მიხედვით)
მღვდელი ბასილი (ფოსური)

კატეგორია: მამა ბასილი (ფოსური) | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (11.02.2024)
ნახვა: 49 | თეგი: სულგრძელობა | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar