მე ვიცი საოცარი სახლი, შემკული ყოველი საოჯახო მოწყობილობით. შიგა ბრუნავს წისქვილი, შიგვე არის სამზარეულო, სადაც განუწყვეტლივ, დღედაღამ საჭმელი მზადდება. ეს სახლი სავსეა მრავალი შინაგანი სავლელებით. ამ სავლელებში მარდი მოსამსახურეები მიარბენინებენ საჭმელს ყოველს კუნჭულში. ამ სახლშივე არის დაუღალავი ეკონომოსი. არც დღისითა და არც ღამით ძილი ერთს წამსაც არ მოუვა. განუწყვეტლივ გააქვს რაკა-რუკი და ერეკება მარდს მოსამსახურეებს აქეთ-იქით კუნჭულებში, სადაც კი საჭიროა საჭმელი, სასმელი და სითბო. ამ სახლში არის ვეებერთელა დარბაზი, სადაც თავისუფლად შედის წმინდა ჰაერი; არის აგრეთვე ორი პატარა ფანჯარა სახურავებითა: ღამით ეს სახურავები იხურება, დღისით კი ღიაა. ამ სახლში ცხოვრობს უხილავი მანდილოსანი. იმისი ნახვა არავის შეუძლიან, მაგრამ მთელს სახლს კი იგი განაგებს და განაცხოველებს. ამ მანდილოსნისათვის ირჯება ეკონომოსი, მისთვის სცდილობენ მარდი მოსამსახურეები, სწორედ ის იცქირება პატარა ნათელი ფანჯრებიდგან, ასწევს და დასწევს სახურავებსა მანდილოსანი რომ მიდის ამ სახლიდგან, ყველაფერი დუმდება; ეკონომოსი რაკა-რუკს ფიცხლავ სწყვეტავს, მოსამსახურეები ზედ გზაზედ შეშდებიან, სახურავები ეფარება პატარა ფანჯრებსა და მთელი სახლი შეიქმნება ჩუმი, ცარიელი და ცივი. მაგრამ სად მიდის მანდილოსანი? იქ, საიდანაც მოსული იყო - ზეცას. ქვეყანაზედ იგი მხოლოდ სტუმარია და სცხოვრობს დროებითს სახლში, რომელიც მისი წასვლის შემდეგ მტვრად იქცევა ხოლმე. იაკობ გოგებაშვილი მსჯელობისთვის: | |
|
| |
| ნახვა: 59 | | |
| კომენტარი სულ: 0 | |

