24. შიმშილის გამო იაკობი შვილებს აგზავნის ეგვიპტეში

იაკობის ძენი ეგვიპტეში იოსებთან

მოუსავლიანი წელიწადის დადგომამდე შეეძინა იოსებს ორი ვაჟი, რომელნიც უშვა მას ასენეთმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა. უწოდა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: დამავიწყა ღმერთმა მთელი ჩემი ტანჯვა-წვალება და მამაჩემის სახლი. ხოლო მეორეს უწოდა სახელად ეფრემი, რადგან თქვა: ნაყოფიერმყო ღმერთმა ჩემი გაჭირვების ქვეყანაში. გასრულდა შვიდი მოსავლიანი წელიწადი, ეგვიპტის ქვეყანაში რომ იდგა.

დაიწყო შვიდი მოუსავლიანი წელიწადი, როგორც ნათქვამი ჰქონდა იოსებს. იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეგვიპტის ქვეყნად იპოვებოდა პური. დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანა და შეღაღადა ხალხმა ფარაონს, რათა მიეცა მისთვის პური. გამოუცხადა ფარაონმა მთელს ეგვიპტეს: მიდით იოსებთან და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით. შიმშილი იყო მთელი დედამიწის ზურგზე. გააღო იოსებმა ყველა ბეღელი და დააპურა ეგვიპტელები. შიმშილი კი გაძლიერდა ეგვიპტის ქვეყანაში. ყველა ქვეყანა ეგვიპტეში მოვიდა იოსებთან პურის საყიდლად, რადგან შიმშილი მძვინვარებდა მთელს ქვეყნიერებაზე.

გაიგო იაკობმა, რომ იშოვებოდა პური ეგვიპტეში და უთხრა იაკობმა თავის შვილებს: რას უყურებთ? უთხრა: აჰა, შევიტყვე, პური იშოვება თურმე ეგვიპტეში. ჩადით იქ და გვიყიდეთ პური, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ. ჩავიდა იოსების ათი ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში. ხოლო ბენიამინი, იოსების ძმა, არ გააყოლა იაკობმა მის ძმებს; თქვა: უბედურება არ შეემთხვესო. მივიდნენ ისრაელიანები სხვა მიმსვლელებთან ერთად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში. იოსები იყო ხელისუფალი ქვეყანაში; ის იყო ამ ქვეყნის ხალხის დამპურებელი. იოსების ძმებიც მივიდნენ მასთან და მდაბლად თაყვანისცეს.


შიმშილის გამო იაკობი შვილებს აგზავნის ეგვიპტეში

დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო, მაგრამ არ გაამხილა თავი და მკაცრად დაუწყო ლაპარაკი. უთხრა: საიდან მოსულხართ? მიუგეს: ქანაანის ქვეყნიდან პურის საყიდლად. იცნო იოსებმა თავისი ძმები, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი. გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა, და უთხრა: მსტოვრები ხართ, ამ ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედით.
უთხრეს: არა, ბატონო, პურის საყიდლად მოვედით შენი მორჩილნი. ერთი მამის შვილები ვართ ყველანი, პატიოსანი ხალხი ვართ. არ არიან მსტოვრები შენი მორჩილნი.

უთხრა: არა, ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედითო.

უთხრეს: თორმეტი ძმანი ვართ შენი მორჩილნი, ერთი მამის შვილები, ქანაანის ქვეყნის მკვიდრნი. უმცროსი ახლა მამასთანაა, ერთი აღარა გვყავს.


უთხრა იოსებმა: ასეა, როგორც გითხარით, მსტოვრები ხართ-მეთქი. უნდა გამოგცადოთ. ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, ვიდრე თქვენი უმცროსი ძმა აქ არ მოვა. გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა; დანარჩენები დატყვევებული იქნებით. მაშინ გაირკვევა თუ მართალს ამბობთ. თუ არა და, ფარაონს ვფიცავ, მსტოვრები ხართ.


სამ დღეს საპყრობილეში ჰყავდა ისინი.


უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: ასე მოიქეცით და ცოცხლები დარჩებით; ღვთისმოშიში კაცი ვარ მე. თუ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, სხვები წადით და მიუტანეთ პური თქვენიანებს. აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აგცდეთ სიკვდილი. 


დათანხმდნენ. უთხრეს ერთმანეთს: მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი.


მიუგო მათ რეუბენმა და უთხრა: ხომ გეუბნებოდით, ბავშვის ცოდვაში ნუ ჩავდგებით-მეთქი. თქვენ კი არ დამიჯერეთ და, აჰა, ახლა მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.


არ ეგონათ, რომ ყველაფერი ესმოდა იოსებს, რაკი თარჯიმანი იყო მათ შორის. შეტრიალდა იოსები და ატირდა. მერე მოუბრუნდა მათ და ელაპარაკა; გამოარჩია მათგან სიმონი და მათ თვალწინ დაადო ბორკილი. 


ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ვაშკარანები, გადახდილი ვერცხლი მათ ვაშკარანებში ჩაედოთ და საგზალი მიეცათ. ასეც მოიქცნენ.


აჰკიდეს პური სახედრებს და წავიდნენ.


ღამის გასათევში ერთ-ერთმა მათგანმა, სახედრისთვის საკვები რომ დაეყარა, მოხსნა პირი ვაშკარანს და და დაინახა თავისი ვერცხლი: ვაშკარანის პირზე დევს იგი. უთხრა ძმებს: დაუბრუნებიათ ჩემი ვერცხლი. აჰა, ჩემს ვაშკარანში დევს. გულზე შემოეყარათ და შიშით უთხრეს ერთმანეთს: ეს რა გვიყო ღმერთმა?


მივიდნენ იაკობთან, თავიანთ მამასთან, ქანაანის ქვეყანაში და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს:


მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი, მსტოვრებად მიგვიჩნია. ვუთხარით: პატიოსნები ვართ, მსტოვრები არა ვართ. თორმეტი ძმანი ვართ, ერთი მამის შვილები; ერთი აღარა გვყავს ცოცხალი; უმცროსი ახლა მამასთანაა ქანაანის ქვეყანაში.


გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის პატრონმა: ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა დამიტოვეთ, თქვენ კი აიღეთ პური თქვენიანებისთვის და წადით. მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და დავიჯერებ, რომ მსტოვრები არა ხართ, რომ პატიოსანი ხალხი ხართ. მოგცემთ თქვენს ძმას და მშვიდობით გაივლით ამ ქვეყანას.


როცა გადმოაცარიელეს თავ-თავიანთი ვაშკარანები, თითოეულს თავისი ვერცხლით სავსე ტომსიკა აღმოაჩნდა ვაშკარანში. დაინახეს თავიანთი ვერცხლი მათ და მათმა მამამ და შეეშინდათ.


უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: შვილები წამართვით! იოსები აღარ მყავს, სიმონი აღარ მყავს! ახლა ბენიამინი მიგყავთ. ყველაფერი მე დამატყდა თავს!


ასე უთხრა რეუბენმა მამამისს: ჩემი ორი შვილი მომიკალი, თუ უკან არ მოგიყვანო! მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ.


უთხრა იაკობმა: ჩემს შვილს ვერ გაგატანთ, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა შემრჩა. რამე უბედურება შეხვდება გზაზე, სადაც მიდიხართ. გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში!

მძიმე გახდა შიმშილი ქვეყანაზე.


როცა შეჭამეს მთელი პური, ეგვიპტიდან რომ ჰქონდათ ამოტანილი, მამამ უთხრა მათ: გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ მცირედი საზრდო.


უთხრა მას იუდამ: მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან იქნებაო. თუ გაგვაყოლებ ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს. თუ არ გაგვაყოლებ, ვერ ჩავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.


უთხრა ისრაელმა: რად მიბოროტეთ, რად გაუმხილეთ იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?


უთხრეს: არ მოგვეშვა ის კაცი, გვეკითხებოდა ჩვენს და ჩვენი მოდგმის ამბავს, თუ არის ცოცხალი მამათქვენიო, კიდევ თუ გყავთო ძმა. ჩვენც ვუამბეთ ყველაფერი. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოგვიყვანეთო?


უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: გაგვატანე ყმაწვილი. ავდგებით და წავალთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილი.
 მე ჩავიბარებ და მევე მომკითხე. თუ არ მოგიყვანო და წინ არ დაგიყენო, მთელი სიცოცხლე შემცოდე ვიყო შენს წინაშე. რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ვიქნებოდით დაბრუნებულები.


უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: თუ ასეა, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის დოვლათით, ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვნად მცირეოდენი ბალსამონი, მცირეოდენი თაფლი, საკმეველი, შტახსი, ფსტა და ნუში.


ერთიორად წაიღეთ ვერცხლი, დაბრუნებული ვერცხლი კი, თქვენს თოფრებში რომ ეწყო, უკანვე მიეცით. ალბათ შეცდომაა რაღაც. თქვენი ძმაც წაიყვანეთ, ადექით და კიდევ წადით იმ კაცთან. ყოვლადძლიერი ღმერთი შეგეწიოთ, რათა წყალობა ნახოთ იმ კაცის თვალში და გამოგატანოთ ის მეორე ძმა და ბენიამინი. მე კი, თუ უშვილოდ დარჩენა მიწერია, დავრჩე უშვილო!


წაიღეს კაცებმა ეს ძღვენი, ვერცხლიც ერთიორად წაიღეს, და ბენიამინიც წაიყვანეს; ადგნენ და ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარუდგნენ იოსებს.


დაინახა მათთან ბენიამინი იოსებმა და უთხრა თავისი სახლის მოურავს: მომიყვანე სახლში ეს კაცები, საკლავი დაკალი და გაამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური ამ კაცებმა შუადღისას.


ისე მოიქცა ის კაცი, როგორც იოსებმა უბრძანა: მოუყვანა კაცმა ეს კაცები იოსებს სახლში.
შეეშინდათ ამ კაცებს, იოსების სახლში რომ მიიყვანეს. თქვეს, იმ ვერცხლის გამო მოგვიყვანეს ალბათ, მაშინ რომ ვაშკარანებში ჩაგვიდესო; თავს დაგვესხმიან, რომ დაგვიმონონ და ჩვენს სახედრებსაც დაეპატრონონ.


მიადგნენ იმ კაცს, იოსების სახლის მოურავს, და დაელაპარაკნენ სახლის შესასვლელთან. უთხრეს: გევედრებით, ბატონო! ჩვენ წინათაც ჩამოვსულვართ პურის საყიდლად. ღამის გასათევში რომ მივედით, თავი მოვხსენით ჩვენს ვაშკარანებს და ვხედავთ. ვაშკარანის პირზე დევს თითოეულის ვერცხლი უკლებლივ. ახლა გიბრუნებთ ჩვენი ხელით. სხვა ვერცხლი წამოვიღეთ ჩვენი ხელით პურის საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ვაშკარანებში.
უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! ნუ გეშინიათ, თქვენმა ღმერთმა, მამათქვენის ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ვაშკარანებში. მომივიდა თქვენი ვერცხლი. და გამოუყვანა სიმონი. შეიყვანა კაცმა ეს კაცები იოსების სახლში, მისცა მათ წყალი ფეხის დასაბანად და მათ სახედრებს საკვები დაუყარა. მოამზადეს ძღვენი, ვიდრე იოსები მოვიდოდა შუადღისას, რადგან გაიგეს, რომ აქ უნდა ეჭამათ პური.


მოვიდა იოსები სახლში და მიართვეს მას ძღვენი საკუთარი ხელით, და მიწამდე თაყვანისცეს.
მოიკითხა იოსებმა ისინი და უთხრა: ხომ მშვიდობით არის მოხუცი მამათქვენი, ვისზეც მელაპარაკებოდით? ხომ ცოცხალია ჯერაც?


უთხრეს: მშვიდობით არის შენი მორჩილი მამაჩვენი, ჯერაც ცოცხალია. მუხლი მოიყარეს და თაყვანისცეს.

ძმებმა ბენიამინი ჩაიყვანეს ეგვიპტეში იოსებთან


აიხედა იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, თავისი დედის შვილი; იკითხა: ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმა, ვისზეც მელაპარაკებოდით? თქვა: ღმერთი გწყალობდეს, ჩემო შვილო!


ვეღარ მოითმინა იოსებმა, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი ძმის გამო, ტირილი მოუნდა და გავიდა თავის ოთახში და იქ ატირდა. დაიბანა პირი, გამოვიდა, გაიმაგრა გული; თქვა: მოგვიტანეთ საჭმელი.


მოუტანეს საჭმელი მას ცალკე და მათ ცალკე, მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან ერთად ეჭამათ, პური; სიბილწედ რაცხდნენ ამას ეგვიპტელნი.


დასხდნენ მის პირისპირ უფროს-უმცროსობის მიხედვით; გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს კაცებმა.


უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს; ბენიამინის კერძი ხუთჯერ მეტი იყო სხვების კერძზე. სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.


უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს და უთხრა: აუვსეთ ამ კაცებს ტომრები პურით, რამდენის ზიდვასაც შეძლებენ, და თითოეულს ტომრის პირზე დაუდევით თავისი ვერცხლი. ხოლო ჩემი თასი, ვერცხლის თასი, უმცროსს ჩაუდევით ტომარაში მის ვერცხლთან ერთად. 

როგორც იოსებმა უთხრა, ისე გააკეთა კაცმა. გათენებისას გაისტუმრეს ეს კაცები თავისი სახედრებით. ის იყო ქალაქიდან უნდა გასულიყვნენ, რომ უთხრა იოსებმა თავისი სახლის მოურავს: წადი და დაედევნე იმ კაცებს, დაეწიე და უთხარი: ბოროტებით რატომ გადაუხადეთ სიკეთე? ამით არის, რომ სვამს ჩემი ბატონი; ამით არის, რომ მარჩიელობს. ცუდი საქმე გიქნიათ. მიეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები.


მიუგეს: რად ამბობს ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მორჩილნი ამგვარი საქმისაგან. ხომ უკან დავაბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან ვერცხლი, ჩვენს ტომრებში რომ ვიპოვეთ? ახლა როგორღა მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს? შენს მორჩილთაგან თუ ვინმეს აღმოაჩნდა თასი, მოკვდეს იგი, ხოლო დანარჩენები მონებად გავუხდებით ჩვენს ბატონს.


უთხრა: ეგრე იყოს, როგორც თქვენ ამბობთ. ვისაც აღმოაჩნდება, თასი, მონად გამიხდეს; დანარჩენი უდანაშაულო იქნებით.


საჩქაროდ ჩამოიღეს თავთავიანთი ტომრები და პირი მოხსნეს ტომრებს.


მოჰყვა ჩხრეკას კაცი, უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა თასი.

ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა თასი.
შემოიხიეს სამოსელი, დატვირთეს თავთავიანთი სახედრები და ქალაქში გაბრუნდნენ. მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში - ჯერ კიდევ შინ იყო იგი - და პირქვე დაემხნენ მის წინაშე.
უთხრა იოსებმა: ეს რა გაგიკეთებიათ? როგორ ვერ მიხვდით, რომ ჩემნაირ კაცს მარჩიელობის ძალიც შესწევს?


მიუგო იუდამ: რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს, რა ვთქვათ, რით ვიმართლოთ თავი? ღმერთმა უპოვა ბრალი შენს მორჩილთ. აჰა, მონები ვართ ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.


უთხრა იოსებმა: ვერა, ვერ ვიზამ ასე. ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის გამიხდეს მონად, დანარჩენები მშვიდობით დაბრუნდით მამათქვენთან.


ახლოს მივიდა იუდა და უთხრა: გევედრები, ჩემო ბატონო, სიტყვა ათქმევინე შენს მორჩილს, ნუ განურისხდები შენს მორჩილს, რადგან ფარაონის ტოლი კაცი ხარ. ჩემმა ბატონმა ჰკითხა თავის მორჩილთ, მამა ან ძმა თუ გყავთო. ჩვენც ვუთხარით ჩვენს ბატონს: მოხუცებული მამა გვყავს და პატარა ბავშვი, მის სიბერეში შობილი; ძმა მოუკვდა და ისღა დარჩა მისი დედისგან, ამიტომაც უყვარს იგი მამამისს. გვითხარი შენს მორჩილთ: ჩამომიყვანეთ, ჩემი თვალით ვნახოო.
მივუგეთ ჩვენს ბატონს: ვერ მიატოვებს ყმაწვილი მამას, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი.
გვითხარი შენს მორჩილთ: თუ არ ჩამოგიყვანიათ თქვენი უმცროსი ძმა, თვალით აღარ დამენახოთო. როცა მივედით მამაჩემთან, შენს მორჩილთან, შევატყობინეთ ჩვენი ბატონის ნათქვამი. გვითხრა მამაჩვენმა: დაბრუნდით, გვიყიდეთო მცირეოდენი პური. ვუთხარით: ვერ ჩავალთ. უმცროსი ძმა თუ ჩვენთან იქნება, მაშინ ჩავალთ. რადგან ვერ დავენახვებით იმ კაცს, თუ უმცროსი ძმა ჩვენთან არ იქნება. გვითხრა მამაჩემმა, შენმა მორჩილმა: თქვენ იცით, რომ ორი ვაჟი მიშვა ჩემმა ცოლმა. ერთი წავიდა ჩემგან, ვთქვი, მხეცმა დაგლიჯა-მეთქი, და დღემდე აღარ მინახავს იგი. ამასაც მაშორებთ და თუ რამე უბედურება შეემთხვა გზაზე, ჩემს ჭაღარას გამწარებულს ჩაიყვანთ შავეთში. ახლა რომ მივუვალთ მამაჩვენს და არ მივუყვანთ ყმაწვილს, რომლის სულთანაც მისი სულია გადაფსკვნილი. დაინახავს, რომ არ არის ყმაწვილი და მოკვდება, და გამწარებულს ჩავიყვანთ შენი მორჩილნი მამაჩვენის, შენი მორჩილის ჭაღარას შავეთში. რადგან შენმა მორჩილმა ჩავიბარე ეს ყმაწვილი მამისგან და ასე ვუთხარი: თუ უკან არ მომიყვანია, მთელი ჩემი სიცოცხლე შემცოდე ვიყო-მეთქი მამაჩემის წინაშე. ახლა, დარჩეს შენი მორჩილი შენს მონად ამ ყმაწვილის სანაცვლოდ, ყმაწვილი კი თავის ძმებს წაჰყვეს. როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი ჩემთან არ იქნება? ნუმც შევსწრებივარ უბედურებას, რაც მამაჩემს დაატყდება თავს!

ვეღარ შეიკავა თავი იოსებმა მხლებელთა წინაშე და იყვირა: გაიყვანეთ ყველანი! არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს. იწყო ხმამაღალი ტირილი და მოესმათ ეგვიპტელებს, და მოესმა ფარაონის სახლს.


უთხრა იოსებმა ძმებს: იოსები ვარ. ცოცხალია ჯერ კიდევ მამაჩემი? ვერ გასცეს პასუხი ძმებმა, რადგან შეეშინდათ მისი.


უთხრა იოსებმა ძმებს: მომიახლოვდით. მიუახლოვდნენ და უთხრა მათ იოსებმა: იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ. ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა. რადგან ეს ორი წელი შიმშილია ქვეყანაში და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა. გამომგზავნა ღმერთმა თქვენს წინაშე, რათა დაგარჩინოთ ამქვეყნად, სიცოცხლე შეგინარჩუნოთ და მოგიტანოთ დიდი საშველი. თქვენ კი არ გამოგიგზავნივართ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა მამად ფარაონისა, მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად. საჩქაროდ წადით მამაჩემთან და უთხარით: ასე ამბობს-თქო შენი შვილი იოსები: ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის პატრონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყოვნდები-თქო. იცხოვრე გოშენის მხარეში; ახლოს იქნებით-თქო ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარ-ძროხა და მთელი შენი საბადებელი. აქ შეგინახავ-თქო, რადგან კიდევ ხუთი წელი გასტანს შიმშილი, რათა არ გაჩანაგდე შენი სახლითა და მთელი შენი საბადებლითურთ. აჰა, ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის, თვალი, რომ ეს ჩემი ბაგეებია, თქვენ რომ გელაპარაკებათ. მოახსენეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი, რაც ნახეთ. იჩქარეთ, ჩამომიყვანეთ მამაჩემი. ყელზე მოეხვია თავის ძმას ბენიამინს და ატირდა; ბენიამინიც ტიროდა მის მკერდზე. სათითაოდ გადაკოცნა ძმები, ტიროდა და ეხვეოდა მათ. მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ ძმები.

მისწვდა ხმა ფარაონის სახლს, იოსების ძმები ჩამოვიდნენო. ეამა ფარაონს და მის მორჩილთ. უთხრა ფარაონმა იოსებს: უთხარი შენს ძმებს: ასე მოიქეცით: დატვირთეთ ოთხფეხი და წადით ქანაანის ქვეყანაში. წამოიყვანეთ მამათქვენი და თქვენი სახლეულნი და ჩემთან მოდით; მოგცემთ ყოველივე საუკეთესოს ეგვიპტის მიწაზე და ჭამეთ ამ მიწის დოვლათი.  შენ კი გებრძანება მათთვის სათქმელად: ასე გააკეთეთ-თქო: წაიყოლეთ ეგვიპტიდან ურმები თქვენი ცოლშვილისთვის, წამოიყვანეთ მამათქვენი და ჩამოდით. თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან თქვენი იქნება ყოველივე საუკეთესო მთელს ეგვიპტეში.

ასეც მოიქცნენ ისრაელიანები. მისცა მათ იოსებმა ურმები ფარაონის ბრძანებისამებრ და გაატანა საგზალი. თითოეულს მისცა თითო ხელი სამოსელი, ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი. მამას გაუგზავნა ათი სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული, და ათი ჭაკი ვირი, ხორბლით, პურითა და სასმელ-საჭმელით დატვირთული, მამის გამოსამგზავრებლად. გაუშვა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა: ნურაფრის შეგეშინდებათ გზაზე.

წავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავიანთ მამასთან. ახარეს, ცოცხალია შენი შვილი იოსები, მთელი ეგვიპტის განმგებელიაო. გაოგნდა, რადგან არ სჯეროდა მათი. მოუყვნენ ყველაფერს, რაც იოსებმა უამბო მათ; დაინახა ურმებიც, იოსებს რომ გამოეგზავნა მის წასაყვანად, და მაშინღა გაცოცხლდა მათი მამის, იაკობის, სული. თქვა ისრაელმა: კმარა! ცოცხალია ჩემი შვილი იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ არ მოვმკვდარვარ.

 

 

 

 

კატეგორია: ძველი აღთქმა | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (29.12.2023)
ნახვა: 50 | თეგი: შიმშილის გამო იაკობი შვილებს აგზავნ | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar