23. იოსების მიერ სიზმრების ახსნა და ეგვიპტის მმართველად დადგინება

იოსები

ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის მეფის მწდემ და მეპურემ შესცოდეს თავიანთ ბატონს, ეგვიპტის მეფეს. განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს, მწდეთუხუცესს და მეპურეთუხუცესს. და ჩაყარა ისინი ქონდაქართუხუცესის სახლში, საპყრობილეში, იქ, სადაც იოსები იყო დამწყვდეული. მიუჩინა მათ ქონდაქართუხუცესმა იოსები და ისიც ემსახურებოდა.

მწდესა და მეპურის სიზმრები

ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში. ესიზმრა ერთ ღამეს ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი,
საკუთრივ ასახსნელი, ეგვიპტის მეფის მწდეს და მეპურეს, საპყრობილეში რომ იყვნენ დამწყვდეულნი. მივიდა მათთან დილით იოსები და დაინახა, რომ დაღვრემილნი იყვნენ. შეეკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის სახლში: დღეს რატომ დაგიღრეჯიათ სახე? უთხრეს: სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ არ არის მისი ამხსნელი. უთხრა იოსებმა: განა ღვთისგან არ არის ახსნა? აბა, მიამბეთ.

უამბო მწდეთუხუცესმა იოსებს თავისი სიზმარი და უთხრა: ვხედავ, სიზმარში ვაზია ჩემს წინ. სამი ლერწი აქვს ამ ვაზს; როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო ყვავილი და დამწიფდა მტევანი. ხელში ფარაონის თასი მეჭირა; ავიღე ყურძენი, ჩავწურე ფარაონის თასში და თასი ფარაონს მივართვი. უთხრა იოსებმა: ეს არის მაგისი ახსნა: სამი ლერწი სამი დღეა. სამი დღის შემდეგ თავს აგიწევს ფარაონი და შენს სამსახურში დაგაბრუნებს. კვლავ მიართმევ ფარაონს თავის თასს, როგორც ადრე მიართმევდი ხოლმე, როცა მისი მწდე იყავი. ოღონდ გამიხსენე, როდესაც კარგად გექნება საქმე; მიყავი სიკეთე და გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან. რადგან მომიპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია ისეთი, ამ დილეგში რომ ჩავეგდე.

დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კეთილად ახსნა იოსებმა სიზმარი და უთხრა მას: მეც მესიზმრა სიზმარი: აჰა, სამი მოწნული კალათა მადგას თავზე. ზემო კალათაში ფარაონის ნაირ-ნაირი საჭმელი აწყვია, მზარეულის გაკეთებული, ჩიტი კენკავს ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან. მიუგო იოსებმა და უთხრა: ეს იქნება ახსნა: სამი კალათი სამი დღეა. სამი დღის შემდეგ აგწევს ფარაონი, ხეზე ჩამოგკიდებს და ფრინველები დაძიძგნიან შენს ხორცს. მესამე დღეს, 

ფარაონის დაბადების დღეს, გაუმართა ფარაონმა ლხინი თავის მორჩილებს და მოიკითხა თავის მორჩილთა შორის მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი. დააბრუნა მწდეთუხუცესი თავის ადგილზე და იგი კვლავაც მიართმევდა ფარაონს თასს. ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოჰკიდა, როგორც განუმარტა მათ იოსებმა. არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, დაავიწყდა.

მწდე - ღვინის დამსხმელი;

ფარაონის სიზმარი ძროხებზე

გავიდა ორი წელიწადი და ესიზმრა ფარაონს სიზმარი: აჰა, დგას იგი ნილოსის პირას. აჰა, ამოდის ნილოსიდან შვიდი კარგი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა და ლერწმიანში ბალახობს. აჰა, შვიდი სხვა ძროხა, შეუხედავი და ხორცდაყრილი, ამოჰყვება მათ ნილოსიდან და გვერდში დაუდგება იმ ძროხებს ნილოსის პირას. შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდაყრილმა ძროხებმა შვიდი კარგი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა - და გაეღვიძა ფარაონს.

ფარაონის სიზმარი თავთავებზე

დაიძინა და კვლავ ესიზმრა: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი. აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული, აღმოცენდა მათ შემდეგ. გადაყლაპეს ფშუტე თავთავებმა შვიდი მსხვილი და სავსე თავთავი - და გაეღვიძა ფარაონს. აჰა, ეს სიზმარიც. დილით დაუმძიმდა სული ფარაონს და იხმო ეგვიპტის ყველა მისანი და ბრძენი, და უამბო მათ ფარაონმა თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ აუხსნა ისინი ფარაონს. მაშინ მიმართა მწდეთუხუცესმა ფარაონს და ასე უთხრა: ახლა მახსენდება ჩემი ცოდვები. ფარაონი განურისხდა თავის მორჩილთ და მიგვცა პატიმრად ქონდაქართუხუცესის სახლში, მე და მეპურეთუხუცესი. ვნახეთ სიზმარი ერთ ღამეს მეც და იმანაც, თითოეულმა საკუთრივ ასახსნელი სიზმარი ვნახეთ.
ჩვენთან ერთად იყო იქ ერთი ებრაელი ყმაწვილი, ქონდაქართუხუცესის მორჩილი. ვუამბეთ მას და მანაც აგვიხსნა სიზმრები, თითოეულს ჩვენ-ჩვენი სიზმრის მიხედვით აგვიხსნა. და როგორც აგვიხსნა, ისეც აგვიხდა: მე ჩემს სამსახურში დამაბრუნა ფარაონმა, ის კი ხეზე ჩამოჰკიდა. გაგზავნა კაცი ფარაონმა და იხმო იოსები; ისიც სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან, გაიპარსა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს. უთხრა ფარაონმა იოსებს: სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა მისი ამხსნელი. შენზე გავიგე, თუ სიზმარს მოისმენს, ახსნაც შეუძლიაო.  მიუგო იოსებმა ფარაონს და უთხრა: მე რა შემიძლია, ღმერთი ინებებს ფარაონის მშვიდობას. უამბო ფარაონმა იოსებს: მესიზმრა, აჰა, ვდგავარ ნილოსის პირას. აჰა, ამოდის ნილოსიდან შვიდი ხორცსავსე და ლამაზი ძროხა და ლერწმიანში ბალახობს. აჰა, სხვა შვიდი ძროხა, უძლური, მეტისმეტად უგვანო და ხორცდაყრილი ამოჰყვა მათ; მთელს ეგვიპტეში მათზე უგვანი არაფერი მინახავს. შეჭამეს ხორცდაყრილმა და უგვანმა ძროხებმა ის შვიდი ხორცსავსე ძროხა. შევიდნენ მათ მუცელში, მაგრამ არ ეტყობოდათ, რომ მათ მუცელში იყვნენ შესული; ისეთივე მჭლენი დარჩნენ, როგორიც მანამდე იყვნენ. და გამეღვიძა. ვიხილე სიზმრად, აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი. აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, გამომშრალი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ. ჩაყლაპეს თავთავებმა შვიდი საღი თავთავი. ვუამბე მისნებს, მაგრამ შემტყობარი არავინ იყო.

იოსები ფარაონს უხსნის სიზმრებს

უთხრა იოსებმა ფარაონს: ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები. რის ქმნასაც ღმერთი აპირებს, თავად ამცნო ფარაონს: შვიდი საღი ძროხა შვიდი წელიწადია; შვიდი საღი თავთავიც შვიდი წელიწადია. ერთი და იგივე სიზმარია ეს. მათ შემდეგ ამოსული შვიდი მჭლე და უგვანო ძროხა შვიდი წელიწადია; შვიდი ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული თავთავი შიმშილობის შვიდი წელიწადია. ეს იყო, ფარაონს რომ ვუთხარი, რის ქმნასაც აპირებს ღმერთი, ფარაონს თავად ახილვინა-მეთქი. აჰა, მოვა შვიდი უხვმოსავლიანი წელიწადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში. მას შემდეგ დადგება შვიდი მოუსავლიანი წელიწადი, გაქრება ბარაქა ეგვიპტეში და შიმშილი გააჩანაგებს ქვეყანას. წინანდელი ბარაქის კვალიც არ დარჩება ქვეყანაზე ამ შიმშილის ხანს, რადგან მეტისმეტად მძიმე იქნება იგი. ორგზის რომ გაუკვლადდა სიზმარი ფარაონს, ნიშნავს: გადაწყვეტილია ღვთისგან ეს საქმე და ღმერთი დაუყოვნებლივ აღასრულებს მას. ახლა, გამოძებნოს ფარაონმა გონიერი და ბრძენი კაცი და დაუყენოს ეგვიპტის ქვეყანას. ასე ქნას ფარაონმა: ზედამხედველები განაწესოს ქვეყანაში, რათა მეხუთედი ახდევინონ ეგვიპტის ქვეყანას შვიდი მოსავლიანი წლის მანძილზე. დააგროვონ ამ მომავალი ბედნიერი წლების მთელი საზრდო, დაახვავონ ხორბალი ფარაონის გამგებლობაში ქალაქთა საზრდოდ და შეინახონ. იყოს ეს საზრდო მარაგად ქვეყნისათვის შვიდი მოუსავლიანი წლის მანძილზე, ეგვიპტის ქვეყანაში რომ დადგება, რათა ქვეყანა შიმშილით არ ამოწყდეს. მოეწონა ნათქვამი ფარაონს და ყველა მის მორჩილს. უთხრა ფარაონმა თავის მორჩილთ: ისეთ კაცს თუ ვიპოვით, ვისშიც ღვთის სული იქნება? უთხრა ფარაონმა იოსებს: რაკი გაგიმხილა ღმერთმა ეს ყველაფერი, სხვა ვინ იქნება შენსავით გონიერი და ბრძენი. შენ იქნები ჩემი სახლის მოურავი და შენს სიტყვას დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი; მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული. უთხრა ფარაონმა იოსებს: აჰა, დამიდგენიხარ მთელი ეგვიპტის განმგებელად! წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა ხელზე იოსებს; შემოსა ზეზის შესამოსელით და ოქროს ძეწკვი ჩამოჰკიდა ყელზე. დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე: მუხლი მოიყარეთ! ასე დაუდგინა იგი განმგებელად მთელს ეგვიპტის ქვეყანას. უთხრა ფარაონმა იოსებს: მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელს ვერავინ გაანძრევს მთელს ეგვიპტეში. უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი და მისცა ცოლად ასენათი, ონის (მზის ქალაქის) ქურუმის ფოტიფერაყის ასული.

იოსები ეგვიპტის მმართველი

და გავიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში. ოცდაათი წლისა იყო იოსები, როცა წარუდგა ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. გამოვიდა იოსები ფარაონისგან და მოიარა მთელი ეგვიპტე. წარმოქმნა მიწამ ხვავრიელად შვიდ მოსავლიან წელიწადს ხორბალი. შეაგროვა იოსებმა შვიდი მოსავლიანი წელიწადის საზრდო, რაც კი იპოვებოდა ეგვიპტის ქვეყანაში, და ქალაქებს ჩამოურიგა; თითოეულ ქალაქს თავის გარშემო მინდვრებიდან მოწეული საზრდო დაურიგა. დაახვავა იოსებმა ხორბალი ზღვის ქვიშასავით, ბევრზე ბევრი, ისე რომ შეწყვიტა თვლა, რადგან აღარ იყო სათვალავი.

იოსები იღებს ხორბლის მოსავალს

კატეგორია: ძველი აღთქმა | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (16.12.2023)
ნახვა: 64 | თეგი: იოსების ეგვიპტის მმართველად დადგინე, იოსების მიერ სიზმრების ახსნა | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar