20. იაკობის ყოფნა ლაბანთან და ქანაანის ქვეყანაში დაბრუნება.

20. იაკობის ყოფნა ლაბანთან და ქანაანის ქვეყანაში დაბრუნება.

იაკობი მივიდა მესოპოტომიაში და გაჩერდა ერთ ჭასთან, სადაც  მწყემსები საქონელს (პირუტყვს) წყალს ასმევდნენ. 
იაკობმა ჰკითხა  მათ: „იცნობთ თქვენ ლაბანს, ძესა ბათოელისასა?“
 - იმათ უთხრეს: „ვიცნობთ“. 
მერმე ჰკითხა: „მშვიდობით არიან?“
 - იმათ უთხრეს: „მშვიდობით არიან“. 

ჭაზე ცხვრები მორეკა ლაბანის ასულმა, რაქილმა


ამ დროს ჭაზე ცხვრები მორეკა ლაბანის ასულმა, რაქილმა. იაკობმა გაიგო მისი ვინაობა, გაუხარდა, მიესალმა, მის ცხვრებს წყალი დაალევინა და თავისი ამბავი უთხრა. რაქილ მაშინვე მამასთან გაიქცა და აცნობა იაკობის მოსვლა. ლაბანს ესიამოვნა, საჩქაროდ მოვიდა იაკობთან ჭაზე და წაიყვანა შინ. იაკობი ლაბანთან დაბინავდა და ემსახურებოდა მას, ლაბანმა უთხრა: „მთხოვე სასყიდელი, რაც გინდა და მოგცემ შენ“. ლაბანს ჰყავდა ორი ქალიშვილი: უფროსი ლია, თვალით ავადმყოფი; უმცროსი რაქილ, მშვენიერი თვალტანადი. 
იაკობს შეუყვარდა რაქილი და უთხრა ლაბანს: „მე გემსახურები შენ შვიდ წელიწადს და მომათხოვე ცოლად რაქილ“. ლაბანი დაეთანხმა. იაკობი შვიდ წელიწადს ემსახურა, მაგრამ ლაბანმა რაქილის მაგიერ ლია მიათხოვა. იმ დროში საცოლეს პირბადეს ჩამოაფარებდნენ და ამიტომ იაკობმა ქორწინების დროს ვერ იცნო იგი. მეორე დილას შეხედა იაკობმა, რომ ლია მიუთხოვებიათ მისთვის. ძლიერ ეწყინა და უთხრა ლაბანს: „ეს რა მიყავ, მე გემსახურე რაქილისთვის და რად მომატყუე?“ 

ლაბანის ტყუილი

ლაბანმა უთხრა, რომ მათი ჩვეულებაა, ჯერ უფროსი უნდა გაათხოვონ და მერმე უმცროსი, თუ გინდა შვიდ  წელიწადს კიდევ მემსახურე და მერმე, რაქილსაც მოგათხოვებო. იაკობ დათანხმდა და რაქილიც შეირთო. იაკობს ლიაზე უფრო რაქილ უყვარდა, რის გამო ლია სწუხდა, მაგრამ ღმერთმა ლია დააჯილდოვა შვილიერებით, როცა იაკობმა შეასრულა შვიდი წლის სამსახური რაქილისთვის, მან გამოთხოვა სიმამრს ნება, რომ თავის სამშობლოში გაეშვა. ლაბანს კიდევ უნდოდა იაკობის დარჩენა და უთხრა: „რა მოგცე შენ სასყიდლად, რომ კიდევ დარჩე ჩემთან?“ იაკობმა უთხრა, რომ რაც ჭრელი თხა და შავი ცხვარი დაიბადოს, ჩემი იყოსო. ლაბანი დაეთანხმა. ღმერთმა დააჯილდოვა იაკობი: უფრო ბევრი იბადებოდა ჭრელი თხები და შავი ცხვრები. 

ლაბანს შეშურდა და პირობა შეუცვალა

ლაბანს შეშურდა და პირობა შეუცვალა, მაგრამ რა ფერსაც დანიშნავდნენ იაკობის საკუთრებად, სულ იმ ფერის თხა და ცხვარი იბადებოდა, და ექვს წელიწადში იაკობი ძლიერ გამდიდრდა. რადგანაც ლაბანი და მისი ძენი შურით აღივსნენ და იაკობს უსიამოვნებას აყენებდნენ, იაკობმა გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება, მხოლოდ უცდიდა ღვთის ბრძანებას. 

ღმერთი ეჩვენა მას ძილის დროს და უთხრა: „დაბრუნდი შენ  სამშობლოში, მე ვიქნები 
შენთან“. მაშინ იაკობმა შეაგროვა თავის ქონება, შეაჯინა თავისი ცოლ-შვილნი აქლემებზე და ყოველივე თავისი ქონებით დაბრუნდა თავის სამშობლოში. 

ამ დროს მას ჰყავდა თერთმეტი ვაჟი (რუბენ, სიმეონ, ლევი, იუდა, ისაქარ, ზაბულონ, დან, ნეფთალიმ, გად, ასირ და იოსებ) და ერთი ქალი (დინა), ამათგან რაქილის შვილი მარტო იოსები იყო.

როცა იაკობი მიუახლოვდა თავისს ქვეყანას, გულში მას თავისი ძმის, ესავის, შიში აღეძრა. მაშინ ღმერთმა განამხნევა ის. მას შეხვდა ანგელოსთა კრებული (მისი მფარველი). იაკობმა დაინახა ისინი და თქვა: „ბანაკი (კრებული) ღვთისა არს ესე“. და დაარქვა იმ ადგილს სახელად მახანაიმ. ამის შემდგომ იაკობმა გაგზავნა ესავთან კაცი, შეატყობინა თავისი დაბრუნება და სთხოვდა მოწყალებას, რომ ის შერიგებოდა მას.

ესავი 400 კაცით წამოვიდა იაკობის შესაგებებლად

ესავი 400 კაცით წამოვიდა იაკობის შესაგებებლად. ეს რომ გაიგო იაკობმა, უფრო შეშინდა და დაღონდა. მან განყო ორად მოსამსახურენი და ყოველივე თავის საცხოვრებელი და სხვადასხვა გზით გაუშვა. მან თქვა: თუ ძმა ჩემი დაეცა ერთ ნაწილს და მოსწყვიტნა, მეორე დამრჩება“. ხოლო ძმის გულის მოსაგებად გაუგზავნა მას ძღვნად ცხვრის და თხის ჯოგი, აქლემები, ძროხები და სახედრები. იმ ღამეს მან თავისი ცოლ-შვილნი გაიყვანა ღელეს გაღმა; თვითონ მარტო დარჩა და შეევედრა ღმერთს, რომ მას დაეფარა იგი.

იაკობის შერკინება ანგელოზთან

 მოვიდა მასთან ვიღაც კაცი, დაუწყო ჭიდაობა და დილამდე იჭიდავეს. იაკობმა იგრძნო, რომ ის არ იყო უბრალო კაცი და დილას, როცა უცნობი წასვლას აპირებდა, იაკობმა სთხოვა მას კურთხევა. 
უცნობმა ჰკითხა: რა არის სახელი შენი?“ 
მან მიუგო: „იაკობ“. 
უცნობმა უთხრა: „ამიერიდან იყოს სახელი შენი ისრაელი (ღმერთთან მოჭიდავე). 
უცნობმა აკურთხა იგი. ჭიდაობის დროს იაკობს თეძოს ძარღვი დაუბუჟდა და მის სიცოცხლეში კოჭლობდა. 

იაკობისა და ესავის შეხვედრა

მეორე დილით იაკობმა დაინახა ესავი ოთხასი კაცით მომავალი. იაკობი მიეგება მას და შვიდჯერ თაყვანი-სცა. ესავს გული მოულბა, მოეხვია იაკობს კისერზე, დაუწყეს ერთმანეთს კოცნა და ორთავემ სიხარულის ცრემლი დაღვარეს. მერმე ტკბილად ისაუბრეს და გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. ესავი წავიდა თავის სახლში — სეირის ქვეყანაში, ხოლო იაკობი გაემგზავრა ქებრონისაკენ, სადაც ცხოვრობდა მამამისი, ისაკ. 

ამის შემდგომ იაკობ მივიდა ბეთელში და იქ თავისი აღთქმის თანახმად ღმერთს მსხვერპლი შესწირა. ბეთელიდან დაბრუნდა ბეთლემისაკენ. ბეთლემის მახლობლად რაქილს შეეძინა ძე, ბენიამენი, და რაქილ მოკვდა. იაკობმა მწარედ იგლოვა იგი, დაასაფლავა და დაადგა საფლავზე ძეგლი. 

ამის შემდგომ იაკობი მივიდა მამასთან ქებრონს და ცხოვრობდა მასთან, სანამ ისაკი მოკვდებოდა. ისაკ გარდაიცვალა 180 წლისა, ესავმა და იაკობმა დაასაფლავეს იგი აბრაამთან მახპელას გამოქვებულში. 

ესავი  ცხოვრებდა სეირის ქვეყანაში და შეიქმნა იდუმელთა მამათმთავარი;
იაკობი დარჩა ქანაანის ქვეყანაში და შეიქმნა ისრაელთ მამათმთავარი.

კატეგორია: ძველი აღთქმა | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (03.12.2023)
ნახვა: 62 | თეგი: იაკობის ყოფნა ლაბანთან, ქანაანის ქვეყანაში დაბრუნება | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar