1. ქვეყნისა და კაცის შექმნა

1.    ქვეყნისა და კაცის შექმნა

მხოლოდ ერთი ღმერთი არის საუკუნო არსება. ის ყოველთვის იყო, არის და იქნება. მას არ აქვს არც დასაბამი, არც დასასრული. ღმერთის გარდა ყველაფერს აქვს დასაბამი. ყოველმა ხილულმა და უხილავმა ღვთისაგან მიიღო დასაბამი, ესე იგი ღმერთმა შექმნა ყოველივე არარაისაგან თავისი სიტყვით, ვინაიდან ის ყოვლისშემძლებელია.

იყო ისეთი დრო, როცა ცა და ქვეყანა არ ყოფილა, მაგრამ არ ყოფილა ისეთი დრო, როცა ღმერთი არ იყო. ღმერთი ყოველთვის იყო არის და იქნება. ღმერთი არის საუკუნო ანუ მარადიული არსება. არ არის ისეთი ადგილი, სადაც ღმერთი არ იყოს. იგი არის ყოველ-
გან მყოფი. ის არის ყოვლად კეთილი, ყოვლად წმიდა, ყოვლის მცოდნე. ყოვლის შემძლებელი. არსებით ღმერთი არის სული, უსხეულო და ამიტომ უხილავი. თვითონ ღმერთმა გამოგვიცხადა ჩვენ თავის თავზე, რომ ის არის ერთი არსებით, მაგრამ სამ პიროვანი: მამა, ძე და სული წმიდა, რომ ღვთის სამივე პიროვნებას აქვს თანასწორი ძალა და დიდება, რომ სამივე პირი არის ერთი ღმერთი და არა სამი; ამიტომ იგი არის „ყოვლადწმიდა სამება, ერთ არსება და განუყოფელი“. 

ღმერთი არის შემოქმედი ცისა და ქვეყნისა, ხილულისა და უხილავისა.

ანგელოსები

ანგელოზთა გუნდი

ბიბლიაში თხრობა იწყება ასე: პირველად ღმერთმა შექმნა ცა და ქვეყანა.
ცაში იგულისხმება უხილავი ქვეყანა — ანგელოსები. 
ანგელოსები არიან სულნი უსხეულონი, გონიერნი და თავისუფალნი. 
სიტყვა ანგელოსი ნიშნავს მოამბეს, მაცნეს, მაუწყებელს, ისინი ასე იმიტომ იწოდებიან, რომ, ღვთის განგებით, ისინი მიიღებდნენ კაცის სახეს, გამოეცხადებოდნენ წმიდა კაცებს და უამბობდნენ, ანუ აუწყებდნენ მათ ღვთის ნებას. 

 

 

 

ანგელოსები განიყოფებიან ცხრა გუნდად ანუ ცხრა დასად (სამ ტრიადად):
1.    სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი, 
2.    უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, 
3.    მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი.

 

 

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრება 21 ნოემბერს აღინიშნება.

 

 

პირველად ყველა ანგელოსი იყო კეთილი სული, მაგრამ ერთი მთავარანგელოსთაგანი გაამპარტავნდა და მოინდომა საღვთო პატივის მიღება, ანუ გაღმერთება, რის გამოც ის ღმერთს განშორდა და გადაიქცა ბოროტ არსებად და ღვთის მოწინააღმდეგედ. ამიტომ მას ვუწოდებთ ეშმაკს, სატანას. (სატანა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მტერს, მოწინააღმდეგეს). მისმა ასეთმა საქციელმა ბევრი ანგელოსი შეაცდინა, იმათ ღმერთი გაურისხდა და გადმოყარა ციდან, მოაკლო ისინი ნეტარ საცხოვრებელს. ამგვარად ანგელოსნი განიყვნენ კეთილ და ბოროტ სულებად.

 

ხილული სამყაროს შექმნა

სამყაროს შექმნა

უხილავი ქვეყნის შემდგომ ღმერთმა არარაისაგან შექმნა, ანუ გააჩინა ხილული ქვეყანა, რომელიც იყო მოუწყობელი, ესე იგი, ყოველი ნივთიერება, რომლისაგანაც ქვეყანა შესდგება, ერთად იყო არეული, ეს ნივთიერება წარმოადგენდა უფსკრულს, ბნელით იყო დაფარული და სული ღვთისა მიმოვიდოდა მასზედ. ეს ნივთიერება ღმერთმა თავისი სიტყვით მოაწესრიგა და ქვეყანას მისცა ეხლანდელი წეს-წყობილება ექვს დღეში.

ღმერთმან თქვა: „იქმენინ ნათელი!“ და გამოჩნდა ნათელი. ღმერთმან განჰყო ნათელი ბნელისაგან, ნათელს დაარქვა დღე, ბნელს - ღამე და იყო დღე ერთი.

მეორე დღეს ღმერთმა შექმნა სამყარო, ანუ ხილული ცა.

მესამე დღეს წყალი განჰყო მიწისაგან: გამოჩნდა მიწა, ხმელეთი; გამოჩნდნენ ზღვები, ტბები, მდინარეები და წყაროები; ღვთის ბრძანებით მიწაზე აღმოცენდა ყოველგვარი მცენარე.

მეოთხე დღეს ღმერთმა გააჩინა ცის მნათობნი: მზე, მთვარე და ვარსკვლავები.

დღე 4

მეხუთე დღეს ღმერთმა შექმნა თევზნი და ფრინველნი.

დღე 5

მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა ოთხ ფეხნი ცხოველნი, პირუტყვნი, მხეცნი და ქვეწარმავალნი და, ბოლოს, ადამიანი. 

დღე 6

კაცის შექმნის წინ ღმერთმა ბრძანა: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა“, და შექმნა ღმერთმა კაცი: მიწისაგან გააკეთა სხეული, შთაბერა პირსა მისსა სული უკვდავი, გონიერი და თავისუფალი და იქმნა კაცი სულად ცხოველად ანუ ცოცხალ არსებად.

პირველ კაცს ერქვა ადამ. ღმერთმა წინასწარ მოამზადა მისთვის სამოთხე, მშვენიერი ბაღი - ედემში, აღმოსავლეთის მხარეს. მას რწყავდნენ მდინარენი ფისონ, გეონ, ტიგრისი და ეფრატი. სამოთხეში იყო ყოველგვარი ხეხილი, სანახავად მშვენიერი და საჭმელად კარგი.

შუა სამოთხეში იდგა ორი ხე: ხე ცხოვრებისა და კეთილის და ბოროტის ცნობისა. ღმერთმან დაასახლა ადამი სამოთხეში და უბრძანა, რომ მოევლო მისთვის. ამგვარად დაუნიშნა მას საქმე ფიზიკური, ესე იგი, ჯან-ღონით სამოქმედო. საჭმელად კაცს ღმერთმა მისცა ბალახის თესლი და ხის ნაყოფი და თან ამცნო, ანუ მცნება მისცა: „არ შეჭამო კეთილი და ბოროტის ცნობის ხის ნაყოფი და თუ შეჭამ, მოკვდები.“ 

მერე ღმერთმა მიუყვანა ადამს ცხოველები, რომ მან უწოდოს მათ სახელები, ანუ  ღმერთმა მისცა ადამს საქმე გონებით სამოქმედო. ადამმა ყოველ ცხოველს უწოდა შესაფერი სახელი და შენიშნა, რომ მისი მსგავსი არსება არ იყო. 

მაშინ ღმერთმა თქვა: „არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო, უქმნეთ მას შემწე, მსგავსი მისი.“ და მოუვლინა ადამს ღრმა ძილი, ძილის დროს გამოუღო ნეკნი ერთი, შეუქმნა შემწე და მიუყვანა მას. ადამმა თქვა: „ესე არს ძვალი ძვალთა ჩემთაგანი, და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი, ამას ეწოდოს ცოლ“. შემდგომ დაარქვა ცოლს სახელად ევა (ცხოვრება). 



ადამის ნეკნიდან ევას დაბადება

ღმერთმა აკურთხა იგინი: „აღორძინდით და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა, და ეუფლენით მას, და მთავრობდით ყოველთა ცხოველთა ზედა.“ ამ გვარად ღმერთმა შექმნა ყოველივე ხილული და უხილავი და იხილა, რომ ყოველივე კეთილ არს.

მეშვიდე დღეს ღმერთმან „განისვენა ყოველთაგან საქმეთა თვისთა,“ ესე იგი, ახლად არა შეუქმნია რა, „და აკურთხა ღმერთმან დღე მეშვიდე და წმინდა ჰყო იგი“ და დაუნიშნა კაცს ეს დღე (შაბათი) ღვთის სადიდებლად.

დღე 7

შექმნის შემდგომ ღმერთს არ დაუტოვებია ქვეყანა უმოწყალოდ. ის მუდამ დროს უვლის ქვეყანას და ყოველივე მის ქმნილებას, ზრუნავს მასზედ, უპყრია მას თავის უფლებაში ყოველივე, რაც კი შექმნა, ამიტომ ღმერთს ვუწოდებთ ჩვენ შემოქმედს და ყოვლისა მპყრობელს, ხოლო ღვთის ამ მოქმედებას ეწოდება ღვთის განგებულება.




კატეგორია: ძველი აღთქმა | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (29.11.2023)
ნახვა: 61 | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar