19· იაკობის წასვლა მესოპოტამიაში. მის მიერ კიბის ხილვა.

იაკობის წასვლა მესოპოტამიაში. მის მიერ კიბის ხილვა

იაკობი წავიდა მესოპოტომიაში თავისს ბიძასთან — ლაბანთან. მას  შემოაღამდა გზაზე. ღამის გასათევად მინდორში დაწვა. აიღო მოზრდილი ქვა, თავქვეშ დაიდო და დაიძინა. ძილში მან იხილა მიწიდან აღმართული კიბე, რომლის თავი ცას სწვდებოდა. კიბეზე ადიოდნენ და გადმოდიოდნენ ანგელოსები. კიბის თავზე იდგა უფალი. უფალმა უთხრა იაკობს: „მე ვარ ღმერთი აბრაამისა და ისაკისა, მამისა შენისა, ნუ გეშინიან, ქვეყანა ეგე, რომელსა ზედა შენ გძინავს, მოგცე შენ და შენ ნათესავს და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქვეყანისანი“. ამ სიტყვებით ღმერთმა გაამხნევა იაკობი, აღუთქვა მას, რომ მისი ჩამომავლობიდან წარმოსდგება მაცხოვარი ქვეყნისა. იაკობს გაეღვიძა, შეეშინა, აღდგა და თქვა: „უფალი არს ადგილსა ამას და მე  არ ვიცოდი, ესე არს სახლი ღვთისა და კარი ზეცისა“. აიღო ქვა, რომელიც თავის ქვეშ ედვა, ამ ხილვის სახსოვრად დადგა და ზედ დაასხა ზეთი, და აღუთქვა ღმერთს მსხვერპლის შეწირვა შინ დაბრუნების დროს. იმ ადგილს დაერქვა ბეთელ, ანუ სახლი ღვთისა. ამ ხილვით გამხნევებულმა იაკობმა განაგრძო გზა თვისი.

 კიბე, რომელიც იაკობმა იხილა, მოასწავებდა ღვთის მშობელს,  რომლისგანაც იშვა იესო ქრისტე და მან შეაერთა ცა და ქვეყანა, ესე იგი, ცოდვით განშორებული კაცი შეარიგა ღმერთთან. ანგელოსების ასვლა და ჩამოსვლა კიბეზე, მოასწავებდა ღვთის განგებულობას, ღვთის მზრუნველობას ქვეყანაზე.

კატეგორია: ძველი აღთქმა | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (03.12.2023)
ნახვა: 50 | თეგი: იაკობის წასვლა მესოპოტამიაში, იაკობის მიერ კიბის ხილვა | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar