18. ისაკის შვილები: ესავ და იაკობ

ესავ და იაკობ

ისაკის ცოლს, რებეკას, ქორწინებიდან ოცი წლის განმავლობაში შვილი არ ეყოლა. ისაკი ევედრებოდა ღმერთს, რომ მისთვის მიეცა შვილი. ღმერთმა შეისმინა ვედრება მისი და რებეკას ეყოლა ორი შვილი, ისინი იყვნენ მარჩბივნი (ტყუპები). პირველად შობილს უწოდეს ესავ, მეორეს იაკობ. ესავ იყო ბალნით შემოსილი, მას უყვარდა მინდორში ცხოვრება და ნადირობა. ნანადირევს მამას მოართმევდა და აჭმევდა. იაკობ იყო კაცი მშვიდი, უყვარდა შინ ცხოვრება. ესავ მამას უფრო უყვარდა, იაკობ — დედას. ერთხელ იაკობმა მოამზადა ოსპის შეჭამადი, ესავ კი ამ დროს დაღლილი და მშიერი მოვიდა მინდვრიდან. მან უთხრა იაკობს: „მაჭამე მე ოსპის შეჭამადი, დაღლილი ვარ და მშიერი“ იაკობმა მიუგო: „მომეც მე შენი პირმშოება და გაჭმევ“. (პირმშონი, ანუ პირველი შვილნი იმ დროებაში მამისაგან ღვთის ჩაგონებით მიიღებდნენ კურთხევას). ესავმა უთხრა: აჰა, მე ვკვდები შიმშილით და რად მინდა პირმშოება?“ იაკობმა უთხრა: „შემომფიცე მე ეხლავე“. ესავმა შეფიცა. იაკობმა აჭამა მას პური და ოსპის შეჭამადი. 
ესავმა ჭამა, სვა, ადგა და წავიდა, არაფრად არ ჩააგდო პირმშოების გაყიდვა.

ისაკი მოხუცდა, დაბრმავდა და სიკვდილს მოელოდა. მან დაუძახა ესავს და უთხრა: „მე მოვხუცდი, არ ვიცი, როდის მოვკვდები, წადი, ინადირე, მომიმზადე საჭმელი, რომელიც მე მიყვარს, მომართვი, ვჭამ და გაკურთხებ“. ისაკის სიტყვები რებეკას ესმოდა. როგორც კი წავიდა ესავ სანადიროდ, რებეკამ უთხრა იაკობს: „შვილო! ორი კარგი თიკანი მომგვარე, მე მოუმზადებ მამაშენს საჭმელს, როგორიც მას უყვარს, შეუტანე, უთხარი, რომ შენ ხარ ესავ, აჭამე და გაკურთხევს შენ სიკვდილის წინ“. იაკობმა უთხრა: „მამაჩემი მიცნობს და კურთხევის მაგიერ დამწყევლის“. მაგრამ, რადგანაც იაკობს პირმშოება ნაყიდი ჰქონდა, რებეკამ დააიმედა; მოამზადა საჭმელი, შემოსა იაკობი ესავის ტანისამოსით, კისერზე და ხელებზე თიკნის ტყავი შემოახვია და გაატანა ისაკთან საჭმელი. იაკობი შევიდა მამასთან. ისაკმა ჰკითხა: „ვინ ხარ შენ?“ იაკობმა მიუგო: „მე ვარ ესავ, პირმშო ძე შენი, მოგართვი საჭმელი, დაჯექ, ჭამე და მაკურთხე“. ისაკი ეჭვში შევიდა და უთხრა იაკობს: „რა არს ესე, რომ მალე გინადირებია“. იაკობმა მიუგო: „უფალმა მომცა“. მერმე ისაკმა უთხრა: „მომეახლე, ხელი შეგახო, შენ ხარ ძე ჩემი ესავ, თუ არა?“ ისაკმა გაშინჯა იაკობი და უთხრა: „ხმა ესე, ხმა იაკობისი, ხოლო ხელნი ესე, ხელნი ესავისნი“. ისაკმა ვერ იცნო იგი და კიდევ ჰკითხა: „შენ ხარ ძე ჩემი ესავ?“ იაკობმა მიუგო: „მე ვარ“. მერმე ისაკმა მოთხოვა საჭმელი, იაკობმა მიართვა და აჭამა, ღვინოც შეუტანა და ასვა. მერმე უთხრა ისაკმა: „მომეახლე და ამბორი გიყო (გაკოცო) შენ, შვილო“. იაკობი მიეახლა და აკოცა. იყნოსა რა სურნელება სამოსლისა მისისა, (რომელსაც მინდვრის სუნი უდიოდა), აკურთხა და უთხრა: „მოგცეს შენ ღმერთმან ცვარისაგან ცისა და სიპოხისაგან ქვეყანისა, და სავსება იფქლისა და ღვინისა, და გმონებდენ შენ თესლები, და თაყვანს გცემდნენ მთავარნი და ძენი მამისა შენისანი, მწყევარი შენი წყეულ იყოს და მაკურთხეველი შენი კურთხეულ იყოს“. იაკობის კურთხევის შემდგომ ესავიც მოვიდა, შეუტანა მამას საჭმელი და კურთხევა თხოვა. ისაკმა ჰკითხა: „ვინ ხარ შენ?“ მან უთხრა: „მე ვარ პირმშო ძე შენი ესავ“. ისაკი ძლიერ განცვიფრდა და თქვა: „ვინ იყო იგი, რომელმანც შენ მოსვლამდი მომიტანა მე საჭმელი, ვსჭამე და ვაკურთხე და კურთხეულ იყოს“. ეს სიტყვები რომ გაიგონა, ესავმა ხმა მაღლა დაიწყო ტირილი და ევედრა მამას: „მაკურთხე მეც, მამაო“. ისაკმა უთხრა: „მოვიდა ძმა შენი და მოხერხებით მიიღო კურთხევა შენი“. ესავმა თქვა: „სამართლად ეწოდა - მას სახელად – იაკობ (მზაკვარი, მწიხნელი), ორჯერ მიღალატა მან: ერთხელ პირმშოობა ჩემი წამართო, მეორედ კურთხევა“. და ევედრებოდა ესავ მამას, რომ იგიც ეკურთხებინა. ისაკი მიხვდა, რომ კურთხევა იაკობისა ღვთის ნება იყო, რადგან მან აკურთხა იგი ღვთის ჩაგონებით და ესავს უთხრა: „მახვილითა შენითა სცხოვნდე, და ძმასა შენსა მონებდე და ოდესმე განაგდო უღელი მისი ქედისაგან შენისა“. ესავ ძლიერ გაჯავრდა და თქვა: „მამაჩემი მალე მოკვდება და მაშინ მე მოვკლავ იაკობს“. ეს ამბავი გაიგო რებეკამ. მან მოუწოდა იაკობს და უთხრა: „ესავ სიკვდილს გპირდება, შენ მესოპოტამიაში წადი ბიძაშენთან, ლაბანთან, და იყავ  იქ, სანამ ესავს გული დაუმშვიდდებოდეს“. რებეკამ ისაკსაც უთხრა, რომ იაკობი ლაბანთან გაეშვა და იქ შეერთო ცოლი. ისაკმა მოუწოდა იაკობს, დალოცა და კიდევ აკურთხა იგი და გაუშვა მესოპოტამიაში.
 

ისაკი აკურთხევს იაკობს

კატეგორია: ძველი აღთქმა | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (02.12.2023)
ნახვა: 123 | თეგი: ისაკის შვილები, ესავ და იაკობ | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar