
სარრა მოხუცდა და, როცა შეიქმნა შობიდგან 127 წლის, მოკვდა ქებრონში. მისთვის სასაფლაოდ აბრაამა იყიდა ქებრონის მახლობლად პატარა მინდორი ორი გამოქვაბულით, რომელსაც ერქვა მახპელა. გამოქვაბულის პატრონს, ეფრონ ქეტელს, აბრამის პატივისცემის ნიშნად, არ უნდოდა აბრაამისაგან სასაფლაოში ფასი აეღო, მაგრამ აბრაამა არ ინება უფასოდ გამორთმევა და მისცა ეფრონს 400 სიკილა და იქ დაასაფლავა - სარრა მწუხარე ტირილის და გლოვის შემდგომ.
როცა ისაკს შობიდგან შეუსრულდა 40 წელიწადი, აბრაამმა გადასწყვიტა, შეერთო მისთვის ცოლი, მაგრამ მას არ უნდოდა, რომ ისაკს ქანანელი ქალი ეთხოვა; ამიტომ აბრაამმა გაგზავნა მესოპოტამიაში თავის ნათესავებთან თავისი უერთგულესი, უფროსი მოსამსახურე ელიაზარი. მან ფიცით დაავალა ელიაზარს, რომ ის იქიდან მოგვრის ისაკს ცოლს.
ელიაზარმა დატვირთა 10 აქლემი ძვირფასი ნივთებით და წავიდა ქალაქ ხარანს, სადაც ცხოვრებდა აბრაამის ძმა ნოქარ. მივიდა იქ, დაისვენა ერთ ჭასთან და ილოცა: „უფალო ღმერთო აბრაამისაო, კეთილ ჰყავ ჩემი მგზავრობა, აჰა მე ვდგავარ წყაროს პირას, სადაც ქალაქიდან მოდიან ქალწულნი წყლის ამოსაღებად. ის ქალწული, რომელსაც ვსთხოვ წყალს და მეტყვის: შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ვასვა, იყოს ღვთისაგან ამორჩეული ცოლი ისაკისა“. ამ დროს მოვიდა ჭაზე ქალწული, აღმოივსო სარწყული და წასვლა უნდოდა. ელიაზარმა თხოვა წყალი. ქალმა უთხრა: „სუ შენ და აქლემთაცა შენთა ვასვა“. ელიაზარს ძლიერ გაუხარდა, ღმერთს მადლობა შესწირა, აჩუქა ქალს ოქროს საყურე, ორი სამაჯური და უთხრა: „ვისი ასული ხარ?“ ქალმა უპასუხა: „მე ვარ რებეკა, ასული ბათოელისა, ძისა ნაქორისა“. მერმე ელიაზარმა ჰკითხა, თუ აქვთ ღამის გასათევი ბინა? რებეკამ უთხრა: გვაქვსო. ამ სიტყვების შემდგომ რებეკა წავიდა შინ და ყოველივე გარემოება უამბო თავის ძმას ლაბანს. ლაბანი გაიქცა ელიაზართან და მიიყვანა შინ. აქლემები გადატვირთა და მიუტანა ბზე და თივა. მერმე ელიაზარსაც საჭმელი მიუტანეს, მაგრამ ელიაზარმა უთხრა: „არ ვჭამ, სანამდის ჩემ სიტყვას არ ვიტყვი“. ლაბანმა უთხრა: „თქვი“. ელიაზარმა უამბო საქმის ყოველივე გარემოება და დაუმატა: „უკეთუ ჰყოფთ თქვენ წყალობასა, მითხარით მე“. ბათოელმა და ლაბანმა უთხრეს: „ეს საქმე ღვთის ნება ყოფილა, აჰა, რებეკა შენ წინაშე და იყოს იგი ცოლ ისაკისა“. მაშინ ელიაზარმა დაასაჩუქრა რებეკა, ლაბანი და რებეკას დედა ძვირფასი ნივთებით. მეორე დღეს რებეკა დალოცა და აკურთხა დედ-მამამ და მოსამსახურებთან ერთად გამოატანეს ელიაზარს, მან მიუყვანა ისაკს და ისაკმა შეირთო რებეკა ცოლად.
სარრას სიკვდილის შემდგომ აბრაამმა შეირთო მეორე ცოლი ქეტ-ტურა, რომლისაგან ეყოლა მას ექვსი ვაჟი.
აბრაამი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (175 წ.).
ისაკმა და ისმაელმა დამარხეს ის სარრასთან მახპელას გამოქვაბულში.
|