16. ისაკის შობა. აგარის განძება. ისაკის მსხვერპლად შეწირვა .

рождение исаака у авраама

როცა აბრაამი 100 წლისა იყო და სარრა 90 წლის, მაშინ იმათ ეყოლათ ღვთისაგან აღთქმული შვილი, რომელსაც მერვე დღეს წინადაცვითეს და დაარქვეს ისაკ. ისაკი რომ წამოიზარდა, ისმაელმა დაცინვა დაუწყო მას. ეს სარრამ შენიშნა, ძლიერ იწყინა და უთხრა აბრაამს, რომ აგარ და ისმაელ უსათუოდ სახლიდან გაეძევებიnა, ამის გამო აბრაამი ძლიერ შეწუხდა, მაგრამ ღვთისაგან მიიღო ბრძანება, რომ აგარ და ისმაელ გაეშვა. მეორე დღეს დილით აბრაამმა გაატანა აგარს საგზლად პური და გუდით წყალი და გაუშვა მისი სახლიდან. აგარს ბერსაბეს უდაბნოში  გზა დაებნა, წყალი გამოელია, ისმაელი მოიქანცა, სიარული ვეღარ შესძლო, უწყლობის გამო ისინი სიკვდილს მოელოდნენ, აგარმა მიაგდო ყრმა ერთ ხის ძირში და შორიახლო დაჯდა მწუხარე, რომ შვილის სიკვდილისათვის არ ეყურებინა. ისმაილმა ხმამაღლა დაიწყო ტირილი.

აგარის განძება.


 მოწყალე ღმერთმა მიხედა მათ მდგომარეობას და გადაარჩინა ისინი სიკვდილისაგან. აგარს მოესმა ანგელოზის ხმა ზეციდან: „რა არს, აგარ, ნუ გეშინია; აღდეგ, მოკიდე ხელი ყრმას და აიყვანე იგი; მე წარმოვადგენ მისგან დიდძალ ხალხს“. აგარ ადგა და დაინახა წყლით სავსე ჭა. აავსო გუდა წყლით, ასვა შვილს და მოასულიერა იგი. ისმაელი დასახლდა ფარანის უდაბნოში და მისგან წარმოსდგნენ ისმაიტელნი.
 

ღმერთს უნდოდა ეჩვენებინა ყოველ კაცისთვის აბრაამის სარწმუნოება და მორჩილება, ამიტომ  ღმერთმა გამოსცადა იგი. როცა ისაკს შეუსრულდა 17 წელი, ღმერთი გამოეცხადა აბრამს და  უთხრა: „წაიყვანე ძე შენი ისაკ ქვეყანასა მაღალსა და იქ, მთაზე, რომელიც მე გიჩვენო, შემომწირე მე ყოვლად დასაწველ მსხვერპლად. აბრაამი დაემორჩილა ღვთის ბრძანებას, მან იფიქრა: - ღმერთი აღმიდგენს ძესაო.

ისაკის მსხვერპლად შეწირვა.


მეორე დღეს დილით აბრაამმა აკიდა ვირს შეშა, წაიყვანა ძე თვისი ისაკ, ორი მოსამსახურე, წაიღო ცეცხლი და დანა და წავიდა. აბრაამმა სამ დღეს იარა. ისაკის მსხვერპლად შეწირვაზე ფიქრი აბრაამს ძლიერ სტანჯავდა. სამ დღეს ისაკი მისთვის მკვდარი იყო. მესამე დღეს ღმერთმა უჩვენა აბრაამს მთა — მორია. აბრამმა ვირი და მოსამსახურენი მთის ძირში დატოვა. შეშა ისაკს აკიდა, დანა და ცეცხლი თვითონ წაიღო და წავიდა. გზაზე ისაკმა უთხრა მამას: „მამაო! აჰა ცეცხლი და შეშა, სად არის ცხვარი ყოვლად დასაწევლად?“ – აბრაამმა მიუგო: „შვილო, ღმერთმა იხილოს თავისა თვისისა ცხოვარი“. როცა მთაზე ავიდნენ, აბრაამმა გააკეთა სამსხვერპლო, ზედ შეშა დააწყო და განუცხადა ისაკს ნება ღვთისა. ისაკი დაემორჩილა. აბრაამმა შეკრა ისაკი, შეშაზედ და
ადო, დანა აიღო და დასაკლავად შვილს მოუღერა. ამ დროს მოესმა ანგელოსის ხმა: „აბრაამ არ დაკლა ძე შენი, ღმერთმა იცის, რომ შენ გეშინია მისი“. აბრაამი გაჩერდა. მან აღასრულა ღვთის ნება და ისაკი ისევ ცოცხალი დარჩა; დაინახა იქვე ბუჩქებში გაბმული ვერძი და ის შესწირა ისაკის მაგიერ. აბრაამს კიდევ მოესმა ანგელოსის ხმა: „უფალი ბრძანებს: რადგანაც შენ ჩემთვის არ დაიშურე ერთადერთი ძე შენი, მე გაკურთხებ შენ და განვამრავლებ შენ ჩამომავლობას, როგორც ვარსკვლავი ცაში და ქვიშა ზღვის პირზედ და შენი შთამომავლობისაგან მიიღებენ კურთხევას ყოველნი ტომნი ქვეყანისანი.“

ამ ბოლო სიტყვებით ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, რომ მისი ჩამომავლობისაგან წარმოსდგება მხსნელი სოფლისა — მესია ანუ ქრისტე. ისაკის მსხვერპლად შეწირვა მოასწავებდა იესო ქრისტეს სიკვდილს და აღდგომას.
 

კატეგორია: ძველი აღთქმა | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (02.12.2023)
ნახვა: 49 | თეგი: ისაკის მსხვერპლად შეწირვა, აგარის განძება, ისაკის შობა | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar