|
ერთხელ აბრაამი იჯდა თავის ქოხის კარებთან, მამბრეს მუხის მახლობლად. გაიხედა და სამი მოგზაური დაინახა. ერთი იყო უფალი ღმერთი და ორი ანგელოსი. აბრაამს ეგონა უბრალო მგზავრები. სტუმრის მოყვარე აბრაამი მაშინვე მივიდა მათთან თაყვანი-სცა და მიიპატიჟა. მგზავრები ესტუმრნენ აბრაამს, აბრაამმა მოუტანა მათ წყალი და, როგორც ჩვეულება იყო, დაბანა მათ ფეხი. საჩქაროდ მოამზადებინა პური და ხბო და მოართვა მათ, აგრეთვე მოართვა ერბო და რძე. აბრაამი ფეხზედ იდგა და ემსახურებოდა მათ. უფალმა უთხრა: „შენ ცოლს სარრას ეყოლება ძე.“ სარრამ გაიგონა ეს სიტყვები და გაეცინა, მან იფიქრა: ნუთუ მოხუცებულობის დროს მექმნეს მე ეგეთი ნუგეში. უფალმა უბრძანა აბრაამს: „რათ გაიცინა სარრამ, ნუთუ ღმერთს არ შეუძლია ეს?“ მაშინ აბრაამმა გაიგო, რომ ის იყო უფალი და ერწმუნა მას. მოგზაურნი ადგნენ და წავიდნენ სოდომ-გომორისკენ. აბრაამი გაჰყვა მათ. ორი ანგელოსი წავიდა სოდომისკენ, ხოლო უფალი დარჩა აბრაამთან და განუცხადა მას, რომ დიდ არიან ცოდვანი სოდომ-გომორის მცხოვრებლებისა და უნდა აღმოვხოცო ისინიო. აბრამი შეევედრა ღმერთს: „უფალო! უკეთუ აღმოჩნდეს იქ 50 მართალი, ნუთუ აღმოხოცავ მათ?“ უფალმა უთხრა: „უკეთუ 50 მართალი აღმოჩნდება, არ აღმოვხოცო იგინი“. აბრამმა კიდევ უთხრა: „გავბედავ მე მიწა და ნაცარი, უკეთუ აღმოჩნდეს 45 მართალი, ნუთუ არ აპატიებ მთელ ქალაქს?“ ღმერთმა უთხრა, რომ თუ 45 მართალი აღმოჩნდება ვაპატიებო. მერმე აბრამმა სთხოვა ღმერთს პატიება 40 მართლისათვის, უკეთუ აღმოჩნდება 40 მართალი, ღმერთმა აღუთქვა პატიება. მერმე აბრაამმა სთხოვა პატიება 35 მართლისათვის, მერმე 30, 25, 20, 15, და 10 მართლისათვის. ღმერთმა აღუთქვა პატიება 10 მართლისათვისაც. მერმე ღმერთი განშორდა აბრაამს და აბრაამი დაბრუნდა შინ. | |
|
| |
| ნახვა: 49 | | |
| კომენტარი სულ: 0 | |

