|
ებრაელების განშორება სხვა ხალხთაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების დასაცავად იწყება აბრამიდან. იგი იყო თარრას შვილი. თარრა ცხოვრებდა ქალდეველთ ქვეყანაში, მესოპოტამიის ქალაქში, რომელსაც ერქვა ურ. აბრამს გარდა თარრას ჰყავდა ორი შვილი: ნაქორ და არან. არანს შეეძინა შვილი ლოთ და მოკვდა. აბრაამი იყო მეათე მამათმთავარი წარღვნის შემდეგ. ღმერთმა ის გამოარჩია ჭეშმარიტ მორწმუნეთა მამად, წინაპრად იმ ერისა რომლისაგანაც უნდა დაბადებულიყო ქრისტე მაცხოვარი. იგი ღმერთმა ამოირჩია ჭეშმარიტი სარწმუნოების დასაცველად, რადგანაც მას ჰქონდა შეურყეველი სარწმუნოება ღმერთზე, მიუხედავად იმისა, რომ მამამისმა თარრამ იწყო კერპთთაყვანისცემა. როცა აბრამი იყო 75 წლის, ღმერთი გამოეცხადა მას და უხრა: „გამოდი შენი ქვეყნიდან. მამაშენის სახლიდან და მიდი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ. გაგამრავლებ შენ (მაშინ აბრამი უშვილო იყო), და გაკურთხევ შენ, და განვადიდებ შენ სახელს, და იყო კურთხეული, და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქვეყანისანი“. ამ უკანასკნელი სიტყვებით ღმერთმა აღუთქვა აბრამს, რომ მისი ტომისაგან განხორციელება მხსნელი სოფლისა — მაცხოვარი. აბრამი დაემორჩილა - ღვთის ბრძანებას და წავიდა ქალდეველთა ქვეყნიდან ქანაანის ქვეყანაში. მან წაიყვანა ცოლი თვისი სარა, ძმისწული ლოთი, მოსამსახურენი და საქონელი. მას წაყვა მამა მისი თარრაც. მაგრამ თარრა მოკვდა გზაში, ქალაქ ხარანში და იქ დაასაფლავეს. აბრამმა და ლოთმა განაგრძეს მგზავრობა, გავიდნენ ევფრატის მდინარეში და მივიდნენ იმ ქვეყანას, რომელშიაც მაშინ ცხოვრებდნენ ქანანელნი — ქამის ჩამომავლობა, აბრამი მივიდა სიქემის მახლობლად, მაღალ მუხასთან; იქ მეორედ გამოეცხადა ღმერთი და აღუთქვა მას, რომ ამ ქვეყანას ღმერთი მისცემს მას და მის ჩამომავლობას, ამიტომ ქანაანის ქვეყანას კიდევ დაერქვა სახელად აღთქმის ქვეყანა. მას ერქვა კიდევ პალესტინა. აბრამმა მაშინვე აღაშენა სამსხვერპლო და შესწირა ღმერთს მსხვერპლი. იქიდან აბრამი წავიდა აღმოსავლეთისკენ და მივიდა ბეთელს. იქ გაიკეთა კარავი. აღაშენა მეორე სამსხვერპლო და შესწირა ღმერთს მსხვერპლი ბეთელიდან წავიდა და დაბინავდა მახლობელ უდაბნოში, მაგრამ, რადგანაც იქ დიდი შიმშილობა შეიქმნა, გადაესახლა ეგვიპტეში და შიმშილობის მერმე ეგვიპტიდან ისევ ქანაანის ქვეყანაში დაბრუნდა და დაბინავდა ბეთელის მახლობლად. | |
|
| |
| ნახვა: 52 | | |
| კომენტარი სულ: 0 | |


