|
წმიდა მოციქული თომა ავანთან ერთად ხომალდზე ასულიყო და ინდოეთისაკენ გამგზავრებულიყო... ინდოეთს ჩასულნი, ისინი მეფე გუნდაფორს წარუდგნენ და ვაჭარმა ავანმაც უთხრა ხელმწიფეს: - აი, მეფეო, მოგიყვანე კიდევ პალესტინიდან ხელოვანი ხუროთმოძღვარი! იგი აგიგებთ თქვენ სრა-სასახლეებს, როგორიც თქვენს უდიდებულესობას მოენებება! მეფეს გაუხარდა და ის ადგილიც უჩვენა თომას, სადაც სასახლის აგება სურდა, მისი ზომებიც განუსაზღვრა და დიდძალი ოქრო მისცა მშენებლობისთვის, თვითონ კი სადღაც გაემგზავრა. როცა მეფისგან ესოდენი ოქრო მიიღო, თომამ ღარიბ-გლახაკთათვის დაიწყო მისი დარიგება, ამასთან, დაუღალავად დაშვრებოდა სახარების ქადაგებაში, მრავალთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და წმიდა ნათელსაც სცემდა მათ სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა. ამასობაში იმ ჭაბუკმა, რომელმაც თავის ახლადშერთულ მეფის ასულთან ერთად წმიდა მოციქულის რჩევით, აღთქმა დადო უმანკოება დაემარხა, შეიტყო, რომ თომა ინდოეთში ქადაგებდა ქრისტეს და მეუღლითურთ ჩამოვიდა მასთან. წმიდა თომამ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა ისინი და წმიდა ნათელიც სცა. ნათლობის სახელად ქალიშვილმა პელაგია მიიღო და შემდგომში თავისი უმანკო სისხლიც დაღვარა ქრისტეს რწმენისათვის, ჭაბუკს კი ნათლობის სახელად დიონისე ეწოდა და შემდგომში ეპისკოპოსის წოდების ღირსიც გახდა. მოციქულისაგან კურთხევის მიღების შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, სადაც ღვთის სახელის დიდებას განავრცელებდნენ, მრავალ ურწმუნოს მოაქვევდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ქრისტეს ეკლესიებსაც აფუძნებდნენ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში... რამდენიმე წლის შემდეგ ინდოეთის მეფემ მსახურნი გააგზავნა წმიდა თომა მოციქულთან, რათა შეეტყო მალე დასრულდებოდა თუ არა სამეფო სასახლის აგება. მანაც დააბარა მსახურთ, გადაეცათ ხელმწიფისთვის, რომ მხოლოდ სახურავის დადგმაღა იყო დარჩენილი. მეფეს ძალზე გაუხარდა, რადგან ეგონა, თომა მართლაც დიდებულ სასახლეს უშენებდა ამქვეყნად. ამიტომ კიდევ გამოუგზავნა დიდძალი ოქრო და უბრძანა, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა სასახლის მშენებლობა და უმშვენიერესი სახურავი დაედგა მისთვის. როცა თომამ კვლავ მიიღო მეფისაგან დიდძალი ოქრო, თვალნი და ხელნი ზე-აღაპყრო ცისკენ და მადლობა შესწირა ღმერთს: - გმადლობ შენ, კაცთმოყვარეო უფალო, რამეთუ სხვადასხვა საშუალებებით განაგებ კაცთა ხსნას! და მიღებული ოქრო კვლავ იმათ დაურიგა, ვინც შემწეობის სათხოვნელად მიდიოდა მასთან, თვითონ კი კვლავ გულმოდგინედ განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მეფემ შეიტყო, რომ თომას, თურმე, ჯერ არც დაუწყია მშენებლობა და რომ მთელი ოქროც ღარიბ-გლახაკთათვის დაურიგებია; რომ იგი ხელმწიფის ბრძანების აღსრულებაზე კი არ ფიქრობს, არამედ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში დადის, რომელიღაც ახალ ღმერთს უქადაგებს ადამიანებს და მრავალ სასწაულსაც აღასრულებს. ამის გამო მეფე დიდად განრისხდა და უმალვე მსახურნი გაგზავნა მოციქულის შესაპყრობად. და როცა იგი მეფეს მიჰგვარეს, ამ უკანასკნელმა ჰკითხა: - თუ ააშენე ჩემი პალატნი? წმიდა თომამ მიუგო: - დიახ, ავაშენე, თანაც ყველაზე მშვენიერნი და დიდებულნი! მაშინ მეფემ უთხრა: - აბა, მაშ წავიდეთ და ვნახოთ შენს მიერ აშენებული სასახლე! - ამქვეყნიურ ცხოვრებაში შენ ვერ შესძლებ იმ სასახლის ნახვას! - მიუგო მოციქულმა. - მხოლოდ როცა განეშორები ამა ქვეყანას, მაშინღა შესძლებ მის ხილვას, სიხარულით დასახლდები მასში და სამარადისოდ იცხოვრებ იქ! მეფემ იფიქრა, დამცინისო და შეურაცხყოფად მიიღო თომას სიტყვები. ამიტომ ბრძანა იგიც და მისი ჩამომყვანი დიდვაჭარი ავანიც საპყრობილეში ჩაეგდოთ, სადაც ორივე ტანჯვა-წამებით სიკვდილის მოლოდინში უნდა ვნებულიყო. მეფეს განზრახული ჰქონდა ოთხში ამოეღო ისინი, ანუ ცოცხლად გაეტყავებინა და შემდეგ კოცონზე დაეწვა. საპყრობილეში ყოფნისას ავანმა უსაყვედურა მოციქულს და უთხრა: - შენ მეც მომატყუე და მეფეც გააწბილე, როცა ხუროთმოძღვრად გაგვაცანი თავი. და აი, ახლა შენ უსარგებლოდ დაგიხარჯავს მეფის ოქრო და ჩემი სიცოცხლეც წაგიწყმედია! შენი გულისთვის ვევნები მე, უდანაშაულო კაცი, და საშინელი სიკვდილითაც უნდა მოვკვდე! მეფე გულსასტიკი კაცია და მოგვაკვდინებს! წმიდა მოციქულმა დაამშვიდა ავანი და შემდეგი სიტყვებით ანუგეშა: - ნუ გეშინია! ჩვენი სიკვდილით დასჯის დრო ჯერ არ დამდგარა! ჩვენ ცოცხალნი დავრჩებით და თავისუფლებიც ვიქნებით, მეფე კი დიდ პატივს მოგვაგებს იმ პალატთათვის, რომლებივ მე მისთვის ზეციურ სამეფოში ამიგია! იმავე ღამეს მეფის ძმა მძიმედ დაავადდა, მეფესთან მსახურები გაგზავნა და შეუთვალა: - შენი ურვისაგან მეც დავსევდიანდი, და აი, ახლა ამ სევდისაგან მძიმე სნეულებამ შემიპყრო, რომლისაგანაც აწ ვკვდები! და მართლაც, სულ მალე ამის შემდეგ მეფის ძმა აღესრულა კიდეც. მეფეს დაავიწყდა უწინდელი წყენა და კიდევ უფრო დიდმა მწუხარებამ შეიპყრო: უნუგეშოდ იურვოდა და მწარედ დასტიროდა საყვარელი ძმის სიკვდილს. ხოლო უფლის ანგელოზმა, რომელმაც აღიტაცა მომკვდარის სული, ზეციურ სამკვიდრებელში აღიყვანა იგი, მოატარა ყოველივე და მრავალრიცხოვანი დიდებული, საუცხოოდ ნაგები და ბრწყინვალე სრა-სასახლე აჩვენა, რომლთა ერთი განსაკუთრებით გამორჩეული და ისეთი მშვენიერი იყო, რომ მისი აღწერა ვერ ძალ-ედვა ადამიანის ენას. და მაშინ ჰკითხა უფლის ანგელოზმა მომკვდარის სულს: - ამ სასახლეთაგან რომელში ირჩევდი ცხოვრებას? მეფის ძმის სულმა იმ, ყველაზე მშვენიერ სასახლეს შეხედა და მიუგო: - მე რომ ნება დამრთონ თუნდაც რომელიმე კუნჭულში ვიცხოვრო ამ სასახლისა, მეტს არაფერს ვისურვებდი! მაშინ ანგელოზმა უთხრა: - შენ არ ძალგიძს ამ სასახლეში იცხოვრო, რადგან იგი შენს ძმას ეკუთვნის, რომლის ოქროთიც აუგია იგი შენთვის ცნობილ უცხოტომელს - თომას! - გევედრები, ბატონო! - მიმართა სულმა უფლის ანგელოზს, - გამიშვი ჩემს ძმასთან, და მე ვიყიდი ამ სასახლეს მისგან, რადგან მან ჯერ არ უწყის მისი სიმშვენიერე. და როცა ვიყიდი, მერე კვლავ დამაბრუნე აქ!.. მართლაც, ანგელოზმა დააბრუნა სული სხეულში, და მომკვდარი ძმაც ხელმწიფისა უმალ გაცოცხლდა, თითქოსდა ძილისაგან გამოიღვიძაო. როგორც კი თვალი გაახილა, საოცრად გაკვირვებულ გარშემომყოფთ სთხოვა, სად არის ჩემი ძმა, სასწრაფოდ ჩემთან მოვიდესო. ძმის გაცოცხლების ამბავი რომ შეიტყო, მეფემ უზომოდ განიხარა, სასწაფოდ მასთან გაეშურა, და როცა პირისპირ იხილა იგი, ცოცხალი და სრულიად ჯანსაღი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მკვდრეთით აღმდგარმა კი ასე მიმართა: - მეფეო! დარწმუნებული ვარ, რომ გიყვარვარ როგორც ღვიძლი ძმა! ვიცი ისიც, რომ უნუგეშოდ დამტიროდი, როცა აქ უსულოდ ვესვენე, და შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჩემი გათავისუფლება სიკვდილისაგან, შენი სამეფოს ნახევარსაც კი გაიღებდი ამისთვის! - დიახ, ეს სრული სიმართლეა! - მიუგო მეფემ. - მაშინ, თუკი ასე გიყვარვარ, - უთხრა ძმამ, - მხოლოდ ერთ საბოძვარს გთხოვ, და გევედრები, უარს ნუ მეტყვი! მეფემ უპასუხა: - ყოველივეს, რაც კი მაბადია ჩემს სახელმწიფოში, შენ გიბოძებ, ჩემს საყვარელ ძმას! - და ფიცითაც დაუდასტურა თავისი დაპირება. მაშინ მკვდრეთით აღდგარმა ძმამ სთხოვა: - მომეცი მე შენი სასახლე, რომელიც ცათა შინა გაქვს, და მისი სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება მიიღე! ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე გაოგნდა და დიდხანს უსიტყვოდ იდგა, რადგან გაკვირვებისაგან მეტყველების უნარიც კი წაერთვა. ბოლოს კი ესღა თქვა: - საიდან უნდა მქონდეს მე ცათა შინა სასახლე?! - ჭეშმარიტად, რომ გაქვს! - წამოიძახა ძმამ. - შენ ნამდვილად გაქვს ცათა შინა ისეთი სასახლე, რომლის შესახებაც არაფერი უწყი და როგორიც არასოდეს გინახავს ამ მზისქვეშეთში! ეს სასახლე შენთვის თომამ ააგო, რომელიც საპყრობილეში ჩაგიგდია და სასიკვდილოდ გაგიწირავს! მე ვნახე ეს სასახლე და გაოცებული დავრჩი მისი ენითუთქმელი სიმშვენიერითა და დიდებულებით. მე ვითხოვე, თუნდაც მის რომელიმე კუნჭულში დამასახლეთ-მეთქი, მაგრამ ამის ნება არ მომცეს, რამეთუ ჩემმა წინამძღვარმა ანგელოზმა მითხრა: - შენთვის შეუძლებელია აქ ცხოვრება, რადგან ეს სასახლე შენს ძმას ეკუთვნის, რომელსაც იგი შენთვის ცნობილმა თომამ აუგოო. და მე ვევედრე ანგელოზს, გამოვეშვი შენთან, რათა მეყიდა შენგან სასახლე. და აი, ახლა შენს წინაშე ვარ და გევედრები: თუკი გიყვარვარ, მომყიდე შენი ზეციური სასახლე და მის სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება-სამკვიდრებელი მიიღე! მაშინ მეფემ დიდად განიხარა ყველაფრის გამო - ძმის ამქვეყნად მობრუნებისთვისაც და იმ სასახლისთვისაც, რომელიც მისთვის, თურმე, უცხოტომელ თომას აუგია. ამიტომ ასე უთხრა მკვდრეთით აღმდგარ ძმას: - საყვარელო ძმაო! მე დავიფიცე, რომ არაფრისთვის გეტყოდი უარს, რაც ამქვეყნად ჩემს ხელმწიფებას ექვემდებარება. მაგრამ არ აღმიქვია შენთვის ის სასახლე, რომელიც ზეცაში ყოფილა აგებული. ამიტომ თუკი ასე გსურს, შეგიძლია მიიღო ის ხუროთმოძღვარი, რომელიც ჩვენ გვყავს და რომელსაც ძალუძს შენთვისაც ააგოს ასეთივე სასახლე! თქვა ეს და უმალვე საპყრობილეში გაგზავნა მსახურნი, რათა წმიდა თომა და მისი ჩამომყვანი ვაჭარი ავანი ხელმწიფისათვის მიეგვარათ. და როცა ისინი მოიყვანეს, მეფე სასწრაფოდ შეეგება მოციქულს და ფერხთ შეუვრდა ვედრებით, შემინდე ჩემი ცოდვა შენს წინააღმდეგ, რადგან არ ვუწყოდი, რას ვიქმოდიო. წმიდა მოციქულმა თომამ კი მადლობა შესწირა უფალ ღმერთს ასეთი წყალობისათვის და ორივე ძმის დამოძღვრა დაიწყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ისინი გულმხურვალედ იღებდნენ მოციქულის სიტყვებს და განათლდებოდნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენით. მალე თომამ წმიდა ნათელიც სცა მათ და ასწავლა ქრისტიანული ცხოვრება, ძმებმა კი მრავალრიცხოვან წყალობათა გაღებით საუკუნო სამკვიდრებელი შეიძინეს ცათა შინა. წმიდა მოციქულმა თომამ ერთხანს მეფესთან და მის ძმასთან დაჰყო, განამტკიცა ისინი წმიდა რწმენაში, და შემდეგ კი გარემო ქალაქებსა და დაბა-სოფლებში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და ქმედითადაც იღვწოდა ადამიანთა ხსნისათვის. | |
|
| |
| ნახვა: 48 | | |
| კომენტარი სულ: 0 | |
