|
ქრისტეს შობიდან მეცხრე საუკუნეში, ხატმებრძოლი მწვალებლობის სენით შეპყრობილი იმპერატორის თეოფილეს მეფობის დროს მძვინვარებდა პატიოსანი ხატების სასტიკი დევნა. ხატთა თაყვანისცემის აღმსარებელ კეთილმორწმუნე ქრისტიანებს აწამებდნენ, ხოლო თავად წმიდა გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ყველა ქალაქსა და სოფელში წარგზავნილი იყო საიდუმლო მზვერავები, რათა მოეძიათ ფარულად შენახული ხატები და მეფის მკაცრი ბრძანების თანახმად გაენადგურებინათ ისინი. იმ დროს მცირე აზიის ქალაქ ნიკეასთან ცხოვრობდა ერთი მდიდარი, კეთილმსახური და ქველისმოქმედი ქვრივი, თავის ჭაბუკ ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი, რომლის მიმართ განსაკუთრებული რწმენა და კეთილმოწიწება გააჩნდა. მან თავისი სახლის მახლობლად ააგო ეკლესია, სადაც მოათავსა ხატი და ხშირად მხურვალედ ლოცულობდა მის წინაშე. ერთხელაც, ქვრივის სახლში მივიდნენ მეფის მზვერავები და თვალი მოჰკრეს ტაძარში დასვენებულ ღვთისმშობლის ხატს. ერთ-ერთმა მათგანმა განრისხებით ხატს მახვილი ჰკრა და წამსვე ქალწულის ლოყიდან, ვითარცა ცოცხალი სხეულიდან, სისხლი გადმოედინა და ჯალათს გულზე მიესხა. დედაკაცმა დაუჩოქა მათ და სთხოვა, დაენდოთ ხატი და მოეთმინათ გათენებამდე, სანამ იგი გამოსასყიდ თანხას შეაგროვებდა, რაზეც მეფის ანგართმოყვარე მსახურთაგან თანხმობა მიიღო. მათი განშორებისთანავე ქვრივი თავის ძესთან ერთად ეკლესიაში შევიდა, მუხლმოდრეკილი, ცად აღპყრობილი ხელებით დიდხანს ევედრა ღმრთის დედას, ცრემლითა და ოფლით დაალტო მიწა, და ბოლოს დიდი მოკრძალებით ხატი ზღვის ნაპირას წააბრძანა. იქ კვლავ დავარდა წმიდა ხატის წინაშე და ლმობიერად შეჰღაღადა მარადის ქალწულს: „დედოფალი, შენ ვითარცა ღმრთისმშობელს ძალგიძს გვიხსნა ჩვენ უკეთური მეფისაგან და შენი ხატი დანთქმისაგან!“ ამ სიტყვებით ქვრივმა სანატრელი სიწმიდე ზღვაში ჩაუშვა, და იხილა სასწაული: ხატი არ დაეცა წყალზე ბრტყლად, არამედ ზეაღიმართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გასცურა. ამის ხილვით ნუგეშინისცემულმა დედაკაცმა მადლობა შესწირა უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას, მერე მიუბრუნდა თავის ძეს და უთხრა: „აღსრულდა ჩვენი წადილი და იმედი, ამაო არ ყოფილა ჩვენი მსახურება ღმრთისადმი და კეთილმოწყალება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა. ახლა მისი სიყვარულისთვის მე მზად ვარ მოვკვდე მტანჯველთა ხელით, შენი სიკვდილი კი არ მნებავს. მე არ შემიძლია აქედან წასვლა, შენ კი გთხოვ და გევედრები, რათა გაიქცე“. შვილმა მორჩილებით მიიღო დედის ნება, გამოეთხოვა მას დაუყოვნებლივ წავიდა თესალონიკეში, მცირე ხანში კი გადავიდა ათონის მთაზე და დამკვიდრდა იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ივერთა მონასტერი აიგო. აქ მან მიიღო მონაზვნობა, ღმრთის სათნო ღვაწლში განვლო ცხოვრება და კეთილად აღესრულა. უეჭველია, რომ უფლის განგებით მოხდა წმიდა მთაზე მისი გადასვლა, რადგან სწორედ მისგან შეიტყვეს ათონის მეუდაბნოე მამებმა ქვრივის მიერ წმიდა ხატის ზღვაში ჩაშვების შესახებ. თუ სად იმყოფებოდა ამ ხნის მანძილზე ღმრთის დედის საკვირველთმოქმედი ხატი, უწყის მხოლოდ უფალმა, ყოვლის მეცნიერმა... XI საუკუნის დამდეგს, დიდ მარხვაში, ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღმრთისმშობლის ხატიდან. მამები შეეცადნენ ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ სიწმინდე განეშორა მათ და მისი ნათელი იხილეს ჰორიზონტზე, სადაც ზღვა უერთდება ცას. ათონის ყველა მოღვაწე ზღვასთან შეიკრიბა, თითოქსდა მტრედების გუნდმა დაჰფარაო მისი ნაპირი. ბერები პარაკლისებს უხდიდნენ ზეციურ დედოფალს, მონასტრებში არ წყდებოდა ფსალმუნთა კითხვა. დადგა ვნების შვიდეული. მთელმა წმინდა მთამ გლოვის ძაძები შეიმოსა. უკვებლივ ყველა ბერი ინანიებდა თავის ცოდვებს - მონასტრის წინამძღვრებიც, წლების მანძილზე დაყუდებული მამებიც და წუთისოფლიდან ახლად მოსული მორჩილებიც. მათ იცოდნენ, რომ სინანულის ცრემლებით განუბანელი ცოდვები, ვითარცა კედელი, გზას უღობავდა ზეციურ დედოფალს. იმხანად ივერთა სავანის მიდამოებში, მიუვალ მთაზე, განმარტოებულ სენაკში კაცთა მზერას მოშორებულ ღმრთის სათნო ღვაწლში ატარებდა განდეგილ ცხოვრებას ღირსი გაბრიელი, ტომით ქართველი. ზეციური ნათლით შემოსილი ღმრთისმშობელი ძილში გამოეცხადა ღირს გაბრიელს, რომელიც თავისი სენაკის სიმაღლიდან ჭვრეტდა ზღვით მობრძანებულ პატიოსან ხატს ღმრთის დედისა, და უთხრა: „აუწყე წინამძღვარსა და ძმებს, რომ მნებავს, მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. ნიშნად ამისა შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას. წმიდა ბერმა ამ ხილვის შესახებ წინამძღვარს გამოუცხადა. მეორე დღეს, განთიადზე ივერთა მონასტრის მამები გალობით, საკმევლის კმევითა და ლიტანიობით გამოვიდნენ ნაპირზე. გაბრიელმა ილოცა ღმრთისმშობლისადმი, მერე ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე, როგორც პეტრემ გალილეის ზღვაზე, საკვირველად განვლო წყალი, როგორც ხმელეთი, და ხელში აიღო ფასადაუდებელი საუნჯე. ათრთოლებული და შეძრწუნებული გაბრიელი მოაბრძანებდა ღმრთის დედის საკვირველთმოქმედ ხატს, რომლის მადლი უხილავად იჭერდა მას წყლის ზედაპირზე. ბერებმა სიხარულით მიიღეს ხატი, ვითარცა თავად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, იქვე სამლოცველო აუგეს და სამი დღე-ღამის განმავლობაში ჰმადლობდნენ უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას. იმ ადგილას, სადაც წმიდა გაბრიელმა ხატი გამოასვენა, ამოსჩქეფა საკვირველთმოქმედმა წყარომ, რომელიც დღემდე მოედინება. | |
|
| |
| ნახვა: 49 | | |
| კომენტარი სულ: 0 | |
