ქრისტეშობა და წინადაცვეთა უფლისა

ქრისტეშობა

დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა:

- მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.

მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.

ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.

ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.

გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი.

ამ დროს ისრაელის ქვეყანა ცალკე სამეფოს აღარ შეადგენდა და ემორჩილებოდა რომის იმპერატორს, ანუ კეისარს . მაშინდელმა კეისარმა მოინდომა, შეეტყო, რამდენი სული მცხოვრები იყო მის საბრძანებელში. ამისთვის გასცა ბრძანება: ყოველი ჩემი ქვეშევრდომი გამოცხადდეს იმ ქალაქში, რომელსაც ეკუთვნოდნენ მისი წინაპარნი, და იქ ჩაეწეროსო.

იოსები და მარიამი მეფე დავითის შთამომავალნი იყვნენ. ხოლო ამ მეფის სამშობლო ქალაქი იყო ბეთლემი. ამიტომ იოსები და მარიამი ნაზარეთიდან ბეთლემს უნდა წასულიყვნენ და იქ ჩაწერილიყვნენ. გზაზე დაუგვიანდათ და მხოლოდ ბინდისას მივიდნენ ბეთლემში. ქალაქი მთლად გავსებული დახვდათ მოსული ხალხით და ბინა ვეღარ იშოვეს. ადგნენ, ქალაქის განაპირას გავიდნენ და შეეფარნენ გამოქვაბულს, სადაც მწყემსებს საქონელი შეუდიოდათ ავდრის დროს. სწორედ ამ ღამეს დაუდგა მარიამს დრო მშობიარობისა. შვა ძე, შეახვია და ჩააწვინა ბაგაში. ამგვარი სახით აღსრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელიც ამბობდა, ქრისტე ბეთლემში დაიბადებაო.

ყველაზე ადრე ქრისტეს შობა შეიტყვეს იქაურმა მწყემსებმა. ეს მწყემსები საქონელს უდგნენ ღამით და აძოვებდნენ ქალაქის ახლოს. უცებ ცაში რაღაცამ გაანათა და მათ ჰაერში დაინახეს ადამიანის მსგავსი ფრთიანი სულიერი ბრწყინვალე ანგელოზი. მწყემსები ძლიერ შეშინდნენ. ანგელოზმა მაღლიდან ჩამოსძახა: "ნუ გეშინიათ, მე გახარებთ თქვენ დიდ სიხარულს, - ეს არის ახლა დავითის ქალაქში დაიბადა მაცხოვარი, - ქრისტე ღმერთი და, აი, ამის ნიშანიც: თქვენ იპოვით ახალშობილს ჩვრებში გახვეულს და ბაგაში მწოლიარეს.

რა წამს ეს სიტყვები თქვა ანგელოზმა, მის გვერდით გაჩნდა მთელი გუნდი - სხვა ანგელოზებისა და მათ ერთად იწყეს გალობა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ამ გალობით ანგელოზები წავიდნენ მაღლა–მაღლა და გაქრნენ ცაში.

როცა მწყემსები გონზე მოვიდნენ, საჩქაროდ გასწიეს ბეთლემში, იპოვეს გამოქვაბული, შევიდნენ შიგ, ნახეს - ბაგაში მწოლარე პატარა იესო და თაყვანი სცეს მას, ვითარცა ღმერთს. და რაც ნახეს და ანგელოზთაგან გაიგონეს ყოველივე უამბეს მათ. ყველას აკვირებდა მათი ნაამბობი. ხოლო მარიამმა მწყემსების სიტყვები გულში დაიმარხა.

შემდეგ - იოსები და მარიამი დაბრუნდნენ ნაზარეთში. 
ქრისტეს შობას ვდღესასწაულობთ 25 დეკემბერს ძველი სტილით, ხოლო ახალი სტილით 7 იანვარს.

ნაზარეთში იესო იზრდებოდა - დედ-მამის მორჩილებაში, ივსებოდა სიბრძნით და მადლი უფლისა იყო - მასზედა. თანაც მამობილს შველოდა დურგლობაში, რომელიც მშვენივრად შეისწავლა.

ლუკ.2,1–21,39-40/

ქრისტეშობის სიმბოლოები

მოლოდინი

ცოდვით დაცემამ დაამახინჯა და შეცვალა ადამიანის სულიერი ძალები და ბუნება. კაცობრიობამ, ამოწურა რა თავისი ძალები და შესაძლებლობები, გარკვეულ ტრაგიკულ ზღვართან მივიდა, მან დაინახა, რომ თავის გადარჩენა თვითონ არ შეეძლო. არა მხოლოდ პალესტინა, არამედ წარმართული სამყაროც კი ელოდა მესიას, მათ მხსნელს.

ნათელი

კაცობრიობის ისტორია, ეს არა მხოლოდ მიწიერი, არამედ კოსმიური ტრაგედიაცაა, ქრისტეს მოსლვა ამქვეყნად კი მთელი სამყაროს გამსჭვალავი ნათელია. საშობაო საგალობელში ეკლესია, როგორც ძლევის ჰიმნს, ისე იმეორებს ამ სიტყვებს - „ჩვენთარ არს ღმერთი“. ღმერთი ჩვენთან მოვიდა, რათა მივიღოთ ჩვენ მარადიული სიცოცხლე და სიხარული.

შობის ვარსკვლავი

გადმოცემით, შობის ვარსკვლავი მაშინ აენთო ბაბილონის თავზე, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან იშვებოდა ქვეყნიერების მხსნელი. სწორედ ამ ვარსკვლავს გამოჰყვნენ მოგვები, ანუ საიდუმლო ცოდნის მფლობელები (ასტრონომია და მათემატიკა ძველ სამყაროში წმინდა მეცნიერებებად ითვლებოდა). მოგვები იცნობდნენ დანიელის წინასწარმეტყველებას, რომელიც ქრისტეშობამდე დიდი ხნის წინ ბაბილონში ცხოვრობდა.

ხალხის აღწერა

რომის იმპერატორმა, ავგუსტინემ, ხარკის გადასახადების მოსაწესრიგებლად, იმპერიაში ხალხის საყოველთაო აღწერა გამოაცხადა. რომის ხელისუფლება ანგარიშს უწევდა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს და იუდეაში აღწერა იუდეველთა ჩვეულების მიხედვით მიმდინარეობდა. იოსები და ქალწული მარიამი დავით მეფის შტოს ეკუთვნოდნენ და ამიტომ იმ ქალაქში უნდა ჩაწერილიყვნენ, საიდანაც მათი წინაპარი იყო, ანუ ბეთლემში. ქალაქში, რომელიც წინასწარმეტყველებაში მესიის შობის ადგილად არის მოხსენიებული.

ბეთლემი

ქრისტეს მოსვლა უხმაუროდ და საიდუმლოდ განხორციელდა: ბეთლემმა (ქვეყნიერების სახე ამ შემთხვევაში) ვერ იცნო თავისი მხსნელი. მხსნელის მომლოდინე ქვეყანამ კი ჭეშმარიტი მხსნელისგან განსხვავებული, მხსნელის სხვა სახე შექმნა. ჭეშმარიტი ქრისტესთვის, რომელმაც ქვეყნად ღვთაებრივი ნათელი მოიტანა, ამქვეყნად ადგილი არ აღმოჩნდა - ბეთლემმა კარი გამოუკეტა მას, იერუსალიმმა ჯვარი განუმზადა, ხოლო წუთისოფელს დღემდე მოძულებული ჰყავს იგი.

გამოქვაბული

ქრიტე მოვიდა ქვეყნად. ბეთლემს კი ეძინა ღრმა ძილით. სასტუმროების და სახლების კარებები ყრუდ იყო გამოკეტილი ახალშობილი-ღმერთისთვის. ქვეყანამ თავისი მეუფე გამოქვაბულში მიიღო, სადაც მწყემსები ღამეს ათევინებდნენ საქონელს.

წმინდა მიწაზე დღემდე დგას ოთხი დიდი კლდე, სწორედ ისე, როგორც ამქვეყნად ქრისტეს მოსვლის ჟამს იდგნენ. ერთ-ერთ მათგანშია იქ გამოქვაბული, რომელშიც მაცხოვარი იშვა. ასეთი უბრალო ადგილას და არა სამეფო პალატებში შობით, მაცხოვარმა იმ თავმდაბლობის მაგალითი მოგვცა, რომელსაც ხალხს უქადაგებდა. უფალი მხოლოდ ყველაზე აუცილებელს დასჯერდა, რომ ჩვენც ასევე მოვიქცეთ. გვაჩვენა, რომ არა ადგილი ანიჭებს ადამიანს მნიშვნელობას, არამედ ადამიანი ხდის ადგილს კურთხეულს. ადამიანი ყველაზე დიდი ფასეულობაა იმ ყველაფერს შორის, რაც კი ქვეყნად არსებობს. ფუფუნება და გარეგნული ბრწყინვალება ადამიანს არ აღამაღლებს, ხოლო სიღარიბე მის ღირსებას არ ამცირებს.

მწყემსები

არემარე მდუმარებაში იყო ჩაძირული. ისრაელს, ღვთის რჩეულ ხალხს, ეძინა. მხოლოდ არ ეძინა რამდენიმე მწყემსს, რომლებიც მინდორში ცხვრებს მწყემსავდნენ. მათ ანგელოზი გამოეცხადა და მსხნელის მოსვლა ახარა. მწყემსებმა მაცხოვარი სუფთა რწმენით მიიღეს, ვინაიდან ღმერთი მათ გულებში იყო. მათი წმინდა სულები ზეციური ნათელის ამრეკლავ სარკეს ჰგავდნენ.

დილით კი, როცა ღვთის რჩეულმა ერმა გაიღვიძა, ვერც კი შეამჩნია, როგორ გამორჩა ყველაზე მთავარი.

მოგვთა თაყვანისცემა

როგორც სახარება იუწყება, მწყემსების შემდეგ პირველები, რომლებმაც თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს, აღმოსავლელი მოგვები იყვნენ. მოგვთა რწმენა, ეს ბრძენთა და ფილოსოფოსთა რწმენა იყო, რომლებმაც ღმერთი ხილული სამყაროს და წმინდა წიგნების მეშვეობით შეიცვნეს, მოგვთა რწმენა ეს ღმერთისკენ მიმავალი ძნელი და გრძელი გზაა - ბაბილონიდან ბეთლემამდე. მოგვები ცრუ ღმერთების მსახურები იყვნენ, მაგრამ ჭეშმარიტმა სიბრძნემ ისინი ჭეშმარიტ ღმერთამდე მიიყვანა.

გადმოცემის თანახმად ერთი მოგვი სპარსი იყო, მეორე - არაბი, მესამე კი - ეთიოპელი. მათი სახელებია: გასპარი, მელქიოფი და ბალთაზარი. ახალშობილი მაცხოვრის თაყვანისცემიდან სამ ათწლეულზე ცოტა მეტი ხნის შემდგომ, მოგვები მოინათლნენ (მოციქულ თომასგან) და თავად გახდნენ ქრისტიანობის მქადაგებლები. მათი წმინდა ნაწილები III საუკუნესი აღმოაჩინეს და ამჟამად გერმანიაში, კიოლნის ტაძარში ინახება.

მოგვების ძღვენი

 ახალშობილი მხსნელისთვის თაყვანის საცემლად შორეული აღმოსავლეთიდან მისულმა მოგვებმა, იესოს ძღვნად ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს. ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც კაცს.

გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელმა, ცოტახნით ადრე მის მიძინებამდე, მოგვების მიერ მაცხოვრის შობისას მირთმეული ეს ძღვენი იერუსალიმის ეკლესიას გადასცა. სიწმინდეები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ბიზანტიაში არ აღმოჩნდა. 400 წელს, ბიზანტიის იმპერატორმა, არკადიმ, ისინი კონსტანტინეპოლში, ახალ დედაქალაქში გადაიტანა. კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე სიწმინდეები ბიზანტიის იმპერატორების პირად საგანძურში ინახებოდა.

1433 წელს, სერბეთის მთავარი, გიორგი ბრანკოვიჩი იძულებული გახდა თავისი მცირეწლოვანი ასული მარო (მარიამი) მურატ II-თვის, თურქეთის სულთანისთვის, მიეცა ცოლად. სწორედ ამ სულთანის ვაჟმა, მუჰამედ II-მ დაიპყრო კონსტანტინეპოლი. მარომ კი, რომელსაც უფლება ჰქონდა თავის ღმერთზე ელოცა, მრავალი სიწმინდე გადაარჩინა დაპრყობილ მართლმადიდებლურ ქალაქში.

კონსტანტინეპოლის დაცემიდან ოციოდე წლის შემდეგ მარო ათონის მთაზე გაემგზავრა, რათა მოგვთა ძღვენი წმინდა პავლეს ტაძრისთვის გადაეცა. ეს სიწმინდეები დღესაც ამ მონასტერში ინახება. ოქრომ ჩვენამდე 28 ცალი, 7x5 სანტიმეტრის ზომის, კვადრატული და სამკუთხედის ფორმის ფირფიტების სახით მოაღწია. ეს ფირფიტები ერთამენთს წააგავს, მხოლოდ ორნამენტებით განსხვავდებიან. გუნდრუკი და მური კი ერთმანეთშია გადაზელილი და დაახლოებით 70 ცალი მუქი ფერის ბურთულების სახით არის შენახული. ოქროს წყლის კურთხევისთვის იყენებენ. ხანდახან, ძალიან იშვიათად, მოგვების ძღვენი ათონიდან გააქვთ, ამ სიწმინდეების საშუალებით ეშმაკეულებს დევნიან.

რატომ განკაცდა ღმერთი?

ქრსტიანობა ღმერთის განკაცებაში, ქრიტეს ჯვარსა და აღდგომაში მდგომარეობს, რომლის საშუალებითაც კაცობრიობა ახლად დაიბადა, ამაღლებისა და ღვთის მსგავსების აღდგენის საშუალება მიიღო, რომელიც ადამიანებს ცოდვით დაცემის გამო დაკარგული გვქონდა. რამდენადაც ცოდვიანობის გამო ჩვენს ღმერთთან ერთობა აღარ შეგვიძლია, ვინაიდან არ შეიძლება არავითარი დაზიანებული და დამახინჯებული ღმერთთან კავშირში იყოს, ამდენად უფალთან ერთობისათვის, ადამიანის განღმრთობისათვის აუცილებელია ადამიანის შესაბამისი ბუნების შექმნა. ქრისტემ საშუალება მისცა კაცობრიობას, თითოეული ადამიანს, თავის თავში აღედგინა ამგვარი ბუნება. ღმერთის განკაცება მისი ადამიანისადმი გმოავლენილი განუზომელი სიყვარულის შედეგია. უმაღლესი საღვთისმეტყველო ფორმულა ამბობს: „ღმერთია თავად სიყვარული“. სიყვარული ნიშნავს, ისე მიიღო იმის სიხარული და უბედურება, როგორც საკუთარი. ნამდვილი სიყვარული საყვარელ არსებასთან გაიგივებისკენ გიბიძგებს. სიყვარულის უმაღლესი ფორმულა განსაზღვრავს: „არ არის იმაზე მეტი სიყვარული, ვიდრე დადო სული შენი მეგობრებისთვის“. ღმერთის სიყვარულმა არა მარტო შექმნა სამყარო, არა მარტო თავისუფლება მიანიჭა ადამიანს, არა მარტო მცნებებს, წინასწარმეტყველბს, და სიბრძნეს გვაძლევდა, სიყვარულმა მას არა მარტო ადამიანის სახე მიაღებინა, არამედ თავად გახდა სრული ადამიანი. ღმერთმა უკვე ჩაიდინა ყველაზე წარმოუდგენელი რამ ადამიანის გონებისთვის, მან გადმოლახა თავისი მარადიულობის ზღუბრბლი და შემოვიდა დროის მდინარებაში, მან, რომელმაც თავად შექმნა ადამიანი, მისი სიყვარულის გამო დათანხმდა მიეღო მისგან სილა, შოლტი და ათასგვარი დამცირება. თავისი ნებით, ჩვენდამი უსაზღვრო სივარულის გამო, მოვიდა ამ ქვეყნად და მსხვერპლად გაიღო თავისი თავი.

ჟურნალი „სამრეკლო“, №4, 2006 წ

კატეგორია: ახალი აღთქმა | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (20.01.2024)
ნახვა: 50 | თეგი: წინადაცვეთა უფლისა, ქრისტეშობა | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar