
ღმერთმა ჯერ კიდევ ადამსა და ევას აღუთქვა, რომ კაცობრიობას მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც "ჩვენთან არს ღმერთი".
მღვდლებმა ღვთის ჩაგონებით გალილეის ქალაქ ნაზარეთში 15 წლის ქალწული მარიამი დაწინდეს მოხუც იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე, რომელიც იყო ხურო, იმ აზრით, რომ მან ასაზრდოვოს და მოუაროს მარიამს და იწოდებოდეს მის ქმრად.
ერთხელ მარიამი წინასწარმეტყველ ესაიას წიგნს კითხულობდა. ამ დროს წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი გააკვირვა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: – რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინია, მარიამ, რადგან ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე . და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და დაარქმევ სახელად იესოს“.
ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა.
ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: „როგორ იქნება ეგ?"
მთავარანგელოზმა უთხრა მას: „სული წმიდა მოვიდეს შენზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ, ამისთვის შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლისა. და აჰა ელისაბედი, შენი,ნათესავი რომელიც იყო ბერწი, ისიც მიდგომილია სიბერის დროს და უკვე მეექვსე თვე არის, რადგან არფერია შეუძლებელი ღვთის წინაშე“ .
მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: "აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა". და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.
რითი დაიმსახურა ქალწულმა მარიამმა ესოდენი მადლი ღვთისა, რომ ადამის მთელი მოდგმიდან სწორედ ის აირჩიეს ღვთის განხორციელების მსახურად? იმით, რომ იგი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმდაბლესა და სიმშვიდეს - სწორედ ამ სათნოებათა გამო გამოირჩია იგი უფალმა.
ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: "აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ", - თურმე შეყოვნდა, გაიფიქრა, რა ნეტარი იქნება ის ქალწული, რომელზეც ეს ითქვაო და ღმერთს შეევედრა, მისი ხილვის ღირსი გამხდარიყო, რათა მხევალივით მომსახურებოდა მას.
სწორედ ამ სიმდაბლის გამო იყო, რომ მთავარანგელოზმა ესოდენ სულგრძელად დაუთმო ქალწულ მარიამს, რომელმაც ზეციურ მახარებელს ნათქვამის დამტკიცება და ახსნა მოსთხოვა. არცთუ დიდი ხნის წინ გაბრიელი მღვდელ ზაქარიას გამოეცხადა და შვილის შეძენა ახარა, მაგრამ მღვდელმა არ დაუჯერა, რადგან ისიც და მისი ცოლიც ღრმად მოხუცებულნი იყვნენ. მთავარანგელოზი განურისხდა მას და დაადუმა, ვიდრე წინასწარმეტყველება ახდებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულს კი არამცთუ არ უსაყვედურა, არამედ დიდი კრძალვითა და მოთმინებით დააჯერა იგი და არ განეშორა, სანამ მორჩილებითა და სასოებით აღსავსე სიტყვები არ გაიგონა მისგან. მიზეზი ის გახლდათ, რომ ზაქარიამ თავისი ეჭვით ღრმად დაფარული ურწმუნოება გამოხატა, ყოვლადწმინდა მარიამმა კი - მორჩილება და სიმდაბლე.
ღმერთს არ სურდა, იძულებითა და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე ან, პირიქით, დაგვიშალოს რაიმეს კეთება. იგი გულმოწყალეა, სამართლიანი, წმინდა და სურს, ჩვენც ასეთივენი ვიყონ, მაგრამ კი არ გვაიძულებს სიკეთეს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით მივყავართ მისკენ. მას სურს, რომ ჩვენი ნებით აღვასრულებდეთ ყოველ კეთილ საქმეს.
რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ჩვენი დაცემისათვის, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტია "განმანათლებელი", ნიშნად იმისა, რომ სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონება განანათლა.
ქალწული მარიამის ხარებას ჩვენ ვდღესასწაულობთ ძველი კალენდრით 25 მარტს, ხოლო ახალი კალენდრით 7 აპრილს. იგი არის უძრავი, ანუ თარიღი დღესასწაულისა არ იცვლება.
|